"სტალინისტური გამოძახილი" - რუსეთში საჯარიმო ბატალიონების პრაქტიკა დაბრუნდა
რუსეთის არმიაში მეორე მსოფლიოს დროინდელი ე.წ. საჯარიმო ბატალიონების პრაქტიკა დაბრუნდა, რომელშიც სხვადასხვა დანაშაულში შემჩნეულ ჯარისკაცებს გზავნიან.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საუბარია ე.წ. Z ასეულებზე, რომლებიც ძირითადად ყოფილი პატიმრებისგან არის დაკომპლექტებული. ამ ტიპის დანაყოფებს ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე გზავნიან და შესაბამისად განსაკუთრებით მაღალია დანაკარგები.
გამოცემა ამგვარ პრაქტიკად "სტალინური დროის გამოძახილს უწოდებს - Reuters გახდა პირველი მსხვილი დასავლური მედია, რომელმაც რუსეთის არმიაში საჯარიმო ბატალიონების არსებობა დაადასტურა.
Z-დანაყოფები საშუალად 100-150 ჯარისკაცისგან შედგება, ის რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფია. Z-ასეულების ბირთვის ძირითადად რეციდივისტები წარმოადგენენ, რასაც ემატება სხვადასხვა დანაშაულში შემჩნეული ჯარისკაცები.
საჯარიმო ბატალიონში გადაყვანით ისჯება ისეთი 'დანაშაულები' როგორიცაა ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მიღება, ბრძანების შესრულება ან პოზიციის მიტოვება.
ერთ-ერთი ჯარისკაცი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ ამ დანაყოფების ჯარისკაცების უმეტესობა მალევე კვდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დანაყოფებს ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე გზავნიან, როგორც შეტევისას, ასევე თავდაცვისას.
ამავე ჯარისკაცის თქმით, მისი დანაყოფი ივლისში ბახმუტთან გადაიყვანეს, თითქმის 10-დღიანი ბრძოლების შემდეგ კი მისი 120-კაციანი დანაყოფიდან მხოლოდ 15 გადარჩა.
ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ ამ დანაყოფების ჯარისკაცების სიცოცხლეს მეთაურები არ უფრთხილდებიან - "ჩვენ მათთვის უბრალოდ ხორცი ვართ",- ამბობს ჯარისკაცი. მისი თქმით, მას ხელფასის სახით 200 ათასს რუბლს ჰპირდებოდნენ, თუმცა რეალურად ხელზე ამ თანხის ნახევარს იღებდა.
კიდევ ერთი სტალინური პრაქტიკა, რომლის შესახებ დასავლური პრესა წერდა ეს ე.წ. ზაგრად ოტრიადებია - ეს არის დანაყოფები, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა არმიის უკან დახევა უნდა აღეკვათა. New York Times-ის ცნობით, რუს სამხედროებს პოზიციების მიტოვების შემთხვევაში დახვრეტითა და დაპატიმრებით ემუქრებიან.
2023 წლის მარტში გავრცელდა ერთ-ერთი Z-ასეულის მიერ ვიდე მიმართვა ვლადიმირ პუტინისადმი - ჯარისკაცები ყვებოდნენ, რომ მათ უკან ე.წ. ზაგრად ოტრიადები განათავსეს და არ უშვებდნენ პოზიციებიდან.