სტამბოლის მერს საარჩევნო კომისიის წევრების შეურაცხყოფისთვის პატიმრობა მიესაჯა
თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეურაცხყოფისთვის ორ წელზე მეტი პატიმრობა მიუსაჯა და პოლიტიკაში მონაწილეობა აუკრძალა.
გადაწყვეტილებას მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. მათი აზრით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ცდილობს, რომ 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კონკურენტი ჩამოიშოროს.
ეკრემ იმამოღლუმ სამი წლის წინ, პრესრელიზში, თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრები "სულელებად" მოიხსენია, რისთვისაც სასამართლომ მას ორი წლით, შვიდი თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
იმამოღლუ არც ერთ სასამართლო პროცესს არ დაესწრო და სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. გასაჩივრება მას საშუალებას მისცემს თანამდებობაზე დარჩეს, თუმცა ამ პროცესმა მისი საარჩევნო პერსპექტივები შეიძლება სერიოზულად დააზიანოს.
"16 მილიონ სტამბოლელს ასამართლებენ", - განაცხადა მერიამ იმამოღლუს განაჩენის გამოტანამდე ცოტა ხნით ადრე. "ისინი ცდილობენ სტამბოლის მერს ჩამოერთვას პოლიტიკური უფლებები."
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, იმამოღლუმ მერიის შენობის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
"ეს გადაწყვეტილება თურქეთის სასამართლოს სირცხვილია,"- თქვა მან. "ეს არის ყველაზე ცხადი გამოხატულება იმისა, რომ სასამართლო სისტემა გადაკეთდა დისიდენტების დასჯის ინსტრუმენტად. ეს იმის დასტურია, რომ ამ ქვეყნის მმართველების მიზანი არ არის თურქეთში სამართლიანობისა და დემოკრატიის არსებობა".
მან აღნიშნა: "ჩვენ არ დავუჩოქებთ კორუფციას. ასეთი თამაშები ხელს არ შეუშლის ჩემს გზას - მე არ შემეშინდება და არ დავნებდები."
იმამოღლუ სტამბოლის მერი 2019 წელს, მეორედ ჩატარებულ არჩევნების შედეგად გადხდა, რადგან თავდაპირველი შედეგები საარჩევნო კომისიამ ერდოღანის პარტიის საჩივრების შემდეგ გააუქმა. სწორედ იმ პერიოდში გამოქვეყნებული პრესრელიზისთვის ემუქრება მას პატიმრობა. იმამოღლუმ საარჩევნო კომისიის იმ წევრებს, ვინც პირველი არჩევნების შედეგები გააუქმა, "სულელები" უწოდა.
ეს მთავარი ოპოზიცური ძალის, სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) ლიდერების წინააღმდეგ წარმოებული პირველი საქმე არ არის. ამ წლის დასაწყისში CHP-ს სტამბოლის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ქანან ქაფტანჯიოღლუს აუკრძალეს პოლიტიკაში მონაწილეობა და 5 წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს თურქეთის რესპუბლიკისა და ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით. მან ტვიტერზე ერდოღანი ქურდობაში დაადანაშაულა.