სტეფანიშინა: უკრაინა ევროკავშირის წევრობისთვის მზად 2 წელიწადში იქნება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერს ოლგა სტეფანიშინას მიაჩნია, რომ უკრაინა 2 წელიწადში მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის, მაგრამ შესაძლოა ნატოში ევროკავშირზე უფრო ადრე გაწევრიანდეს.
ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩვენ მომდევნო 2 წლის განმავლობაში მზად ვიქნებით ევროკავშირის წევრობისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ომის მიმდინარეობა პოლიტიკურ ჩარჩოებს განსაზღვრავს.
მე მჯერა, რომ 2 წელი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ სრულ მზადყოფნაში ვიყოთ და იმ მომენტში, როცა ომი დასრულდება, 10-ჯერ მეტს გავაკეთებთ, ვიდრე ახლა ვაკეთებთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ." - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერიმა.
სტეფანიშინას თქმით, უკრაინა, თუნდაც ომის პირობებში, ევროპის ეკონომიკის დიდი ნაწილია. კერძოდ, უკრაინა ევროკავშირში სხვადასხვა პროდუქციის იმპორტიორთა ტოპ 20-ეულშია: "და ამ თვალსაზრისით, უკრაინის მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველაზე მაღალია სხვა ქვეყნებს შორის."
მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი, გახდება მიღებულია: "მთელი მისი სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიით, ყველაფრით რაც აქვს. რეალობა, რომელშიც უკრაინა შეწყვეტს იყოს აგრარული მეურნეობის ქვეყანა, არ არსებობს."
სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ ევროკავშირი ახლა სოფლის მეურნეობის პოლიტიკას განიხილავს, რათა მოერგოს ახალი ძლიერი მოთამაშეების ევროპულ ბაზარზე შემოსვლას.
მისი თქმით, უკრაინა ასევე ნატოში გაწევრიანების გზაზე მუშაობს, მაგრამ თავად გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინაზე არ არის დამოკიდებული.
ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ნატოს საკითხი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა: "ეს მიიღეს ვილნიუსის სამიტზე. ჩვენ ვმუშაობთ ალიანსის ძალებთან თავსებადობის გაძლიერებაზე და ქვეყნის სტრატეგიული თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში რეფორმებით, სწავლებებით და ომის შესახებ, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ."
ამასთან, სტეფანიშინას მიაჩნია, რომ უკრაინას ნატოში უფრო სწრაფად შეუძლია გაწევრიანება, ვიდრე ევროკავშირს. ეს გამოწვეულია იმით, რომ გამარჯვების შემდეგ ალიანსს მოუნდება, რომ მისი წევრი იყოს ქვეყანა ერთ-ერთი უძლიერესი არმიით, რომელიც ევროპის უსაფრთხოების გარანტი იქნება.