სტოკჰოლმში აქციის ორგანიზატორმა თორა და ბიბლია არ დაწვა

სტოკჰოლმში ისრაელის საელჩოსთან აქციაზე ბიბლია და თორა არ დაწვეს. ამ ინფორმაციას 15 ივლისს Dagens Nyheter და Expressen ავრცელებენ.

"მე მუსლიმი ვარ, არ ვწვავ, აი სანთებელა, არ მჭირდება," - თქვა მამაკაცმა, რომელსაც თავდაპირველად წმინდა წიგნების დაწვა სურდა.

ღონისძიების ორგანიზატორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წმინდა წიგნის დაწვა "ეწინააღმდეგება ყურანს" და "არავის აქვს ამის უფლება."

"მინდა ვაჩვენო, რომ სიტყვის თავისუფლებას აქვს საზღვრები, რომლებიც მხედველობაში უნდა მიიღონ," - თქვა შვედეთში მცხოვრებმა სირიელმა. "მინდა ვაჩვენო, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, ჩვენ ვცხოვრობთ ერთ საზოგადოებაში. თუ დავწვავ თორას, მეორე დაწვავს ბიბლიას, მესამე ყურანს, მერე აქ ომი დაიწყება. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ამის გაკეთება არასწორია."

14 ივლისს შვედეთის ხელისუფლებამ ისრაელის საელჩოსთან აქციის ჩატარების ნებართვა გასცა, რომლის დროსაც თორა და ბიბლია უნდა დაეწვათ.

ორგანიზატორის თქმით, აქცია უნდა ყოფილიყო რეაქცია ერაყიდან ემიგრანტის მიერ სტოკჰოლმის ცენტრში 28 ივნისს, ყურანის დაწვაზე. მისი ქმედება პოლიციასთანაც იყო კოორდინირებული. SVT-ს ცნობით, პოლიციამ განმარტა, რომ 28 ივნისის აქციის ორგანიზატორის მიმართ რასობრივი სიძულვილის წაქეზებისა და ცეცხლის დანთების აკრძალვის დარღვევის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. 

გაზაფხულზე, სტოკჰოლმის სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციის მიერ წარსულში მსგავს საპროტესტო აქციებზე დაწესებული აკრძალვები მცდარი იყო.

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა შვედეთის ხელისუფლების ქმედებები გააკრიტიკა.

"მე ვგმობ შვედეთის გადაწყვეტილებას დაუშვას წმინდა წიგნების დაწვა. ვგმობ ყურანის დაწვას და ვწუხვარ, რომ იგივე ბედი ელის ებრაულ ბიბლიას," - განაცხადა ჰერცოგმა აქციის ჩატარებამდე.

მსგავსი სიახლეები