სტოკჰოლმში ყურანის დაწვის შემდეგ, ერაყში შვედეთის საელჩოში დემონსტრანტები შეიჭრენ

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში შვედეთის საელჩოში, ხუთშაბათს ასობით ადამიანი შეიჭრა, რომლებიც სტოკჰოლმში, წინა დღეს, ყურანის დაწვას აპროტესტებდნენ.

გავლენიანმა შიიტმა მუსლიმმა ლიდერმა მუქტადა ალ-სადრმა თავის მიმდევრებს მოუწოდა ქუჩებში გამოსულიყვნენ და ოთხშაბათს სტოკჰოლმში ყურანის დაწვა გაეპროტესტებინათ, რის შემდეგაც მისი მიმდევრები ბაღდადში შვედეთის საელჩოსკენ გაემართნენ.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში შვედეთის საელჩოსთან და საელჩოს კომპლექსის შიგნით უამრავი ხალხი ჩანს. მედიის ცნობით, ჭყლეტა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა და შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ძალების მისვლის შემდეგ დასრულდა.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საელჩოს თანამშრომლებმა შენობა დატოვეს და უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ.

"ჩვენ კარგად ვიცით სიტუაცია. ჩვენი საელჩოს თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან და საგარეო საქმეთა სამინისტრო მათთან მუდმივ კონტაქტზეა," - უპასუხა სააგენტო SVT-ს სამინისტრომ.

28 ივნისს სტოკჰოლმში მეჩეთის მიმდებარედ სკანდალური აქცია ჩატარდა, რომლის ორგანიზატორმა სალვან მომიკამ ყურანის დაწვის პირობა შეასრულა. ჯერ შვედეთის ჰიმნი ჩართო და შვედეთის დროშა ააფრიალა, შემდეგ კი ყურანის ფურცლების ამოხევა დაიწყო, წიგნის გვერდებზე ბეკონი დაალაგა და ბოლოს სიგარეტით დაწვა.

ყურანის დაწვამ მწვავე რეაქცია გამოიწვია ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში, კერძოდ, იორდანიაში, ერაყსა და ირანში. მაროკომ შვედეთიდან თავისი ელჩი გაიწვია. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოგადმა ასევე დაგმო ყურანის დაწვა და პირობა დადო, რომ ანკარის რეაქცია შვედეთში ჩატარებულ აქციაზე "ყველაზე გადამწყვეტი" იქნება.

მსგავსი სიახლეები