სტოლტენბერგმა სამხრეთ კორეას უკრაინის სამხედრო დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდა
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამხრეთ კორეას მოუწოდა უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს, სხვა ქვეყნების მაგალითიც მოიყვანა, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად იარაღის მიწოდებაზე უარის თქმის პოლიტიკა შეცვალეს. ამის შესახებ Reuters 30 იანვარს წერს.
სტოლტენბერგმა სეულში განაცხადა, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში განვითარებული მოვლენები ურთიერთკავშირშია სხვა რეგიონებთან და ალიანსს სურს გლობალურ საფრთხეებს აზიაში პარტნიორობის გაფართოებით გაუმკალვდეს.
სააგენტო იუწყება, რომ ალიანსის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა სამხრეთ კორეას უკრაინის არალეტალური დახმარებისთვის, მაგრამ მოუწოდა მეტი გააკეთოს. მან აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის მიწოდების გადაუდებელი საჭიროება არსებობს.
Reuters-ის ცნობით, რომ სამხრეთ კორეამ ომის დაწყების შემდეგ ხელი მოაწერა ძირითად შეთანხმებებს ნატოს წევრი პოლონეთისთვის ასობით ტანკის, თვითმფრინავისა და სხვა იარაღის მიწოდების შესახებ. ამავდროულად, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ-იოლმა განაცხადა, რომ კორეის კანონმდებლობა კრძალავს იარაღის მიწოდებას კონფლიქტში მყოფი ქვეყნებისთვის, რაც "ართულებს" უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.
სტოლტენბერგმა კორეის ხელისუფლების პოზიციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია, შვედეთი და ნორვეგია, ანალოგიურ პოლიტიკას ატარებდნენ, მაგრამ შეცვალეს. მისი თქმით, რეალობა ისაა, რომ უკრაინას იარაღი უნდა გადაეცეს, თუ მსოფლიოს არ სურს "ავტოკრატიისა და ტირანიის" გამარჯვება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მას "უაღრესად მნიშვნელოვნად" მიაჩნია რუსეთმა ეს ომი არ მოიგოს. მან აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ავტორიტარულმა ლიდერებმა, მათ შორის პეკინში, არ მიიღონ ყალბი სიგნალი, რომ მათ ძალით შეუძლიათ მიაღწიონ იმას, რაც სურთ.
Reuters-ის ცნობით, სტოლტენბერგი იაპონიასაც ეწვევა. მისი ვიზიტი მიზნად შეერთებული შტატების მოკავშირეებთან კავშირების განმტკიცებას ისახავს, უკრაინის ომისა და ჩინეთთან მზარდი კონკურენციის ფონზე.