სტოლტენბერგმა უკრაინის კონტრშეტევის პირველი დღეები დადებითად შეაფასა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინული ძალების შეტევამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიებზე წარმატების პირველი ნიშნები აჩვენა.
ეს განცხადება სტოლტენბერგმა USA Today-თან ინტერვიუში გააკეთა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები თანდათან "იკავებენ პოზიციებს," რუსეთის ჯარებისგან რამდენიმე პატარა ქალაქი და სოფელი გაანთავისუფლეს, ამავდროულად მან თქვა, რომ სწრაფი და მნიშვნელოვანი წარმატებების მოლოდინი არ უნდა იყოს.
"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს შეტევა იქნება სისხლიანი და რთული. რუსებს ჰქონდათ დრო გაძლიერებისთვის - ეს საკმაოდ მძიმე თავდაცვითი ხაზებია და მათი გარღვევა რთული ამოცანაა," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, რუსული ჯარები ცუდად არიან აღჭურვილი, უზრუნველყოფილი და ასევე არ აქვთ სათანადო ხელმძღვანელობა.
"მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელებს აქვთ გამბედაობა, მონდომება, გაათავისუფლონ მიწა... და რუსებს უკან დაახევინონ," - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.