სტრელკოვი: პრიგოჟინის გეგმა ძალიან სარისკოა, მაგრამ აქვს წარმატების შანსი

ევგენი პრიგოჟინის მიერ წამოწყებულ შეიარაღებულ ამბოხს დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, იგორ სტრელკოვი ეხმაურება. 

"ე.ი. პრიგოჟინის გუნდის სტრატეგიული ჩანაფიქრი უკიდურესად ნათელი, ლოგიკური, ძალიან სარისკოა და გამოაგენებელია თავისი სიმამაცით და აქვს წარმატების შანსი რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების დემოტივაციისა და მოუხერხებლობის გათვალისწინებით",- წერს სტრელკოვი. 

მისი თქმით, როსტოვის ბლოკირებით პრიგოჟინი თავდაცვის სამინისტროს ყურადღების გადატანას ცდილობს, რა დროსაც მისი დამრტყმელი და ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილები მოსკოვისკენ სწრაფი ნახტომით მიემართებიან. 

"პრიგოჟინის ამოცანაა ნებისმიერ ფასად მიაღწიოს მოსკოვამდე მაქსიმალურად სწრაფად. შემდეგ კი ფსონი პანიკაზე, უმაღლესი ჩინოვნიკების გაქცევასა და ქუჩაში დაგდებული ძალაუფლების აღებაზე კეთდება",- წერს სტრელკოვი. 

ФСБ-ის თადარიგის პოლკოვნიკის თქმით, პრიგოჟინის ჩანაფიქრს შესაძლოა ხელი შეუშალოს არასასურველმა შეტაკებებმა მარშრუტზე, რა შემთხვევაშიც ვაგნერის მომარაგებას სერიოზული პრობლემები შეექმნება. 

"იმუშავებს თუ არა პრიგოჟინის ჩანაფიქრი ამას სულ მალე გავიგებთ, შესაძლოა უკვე ხვალ დილით",- წერს სტრელკოვი. 

 

----------------------- 

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს 23 ივნისს მიაღწია, როდესაც ვაგნერის ლიდერმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგი, ვაგნერის მებრძოლების დაბომბვაში დაადანაშულა. 

ამის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იგი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის "მოსაძებნად" მიდიოდა, რა მიზნითაც, საკუთარი სამხედროები, ქალაქ დონის მიმართულებით დაძრა. 

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, FSB-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალებას გულისხმობს და ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდეს. 

24 ივნის განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვაგნერი არ დაუსახელებია, ღიად ისაუბრა ღალატზე და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე. 

არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ჯარისკაცები წინსვლას განაგრძობენ, ხოლო მოსკოვსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. 

მსგავსი სიახლეები