სტრელკოვი: ვუჰლედარის შტურმის მცდელობა დიდი დანაკარგებით ჩავარდა

დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერის თქმით, პროპაგანდისტების ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, ფრონტზე ვითარება არსებითად არ შეცვლილა და რუსეთის იერიშები პრაქტიკულად ყველა მიმართულებით უშედეგოდ დასრულდა. 

ამის შესახებ სამხედრო დამნაშავე იგორ სტრელკოვი თავის ტელეგრამ არხზე წერს. 

"ჩემს განკარგულებაში არსებული ფრაგმენტული ცნობების ანალიზის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ვუჰლედარის შტურმის მორიგი მცდელობა დიდი დანაკარგებით ჩავარდა. რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც მხოლოდ კრეტინი უტევს პირდაპირ ერთი და იმავე ადგილას მრავალი მრავალი თვის განმავლობაში - მტრის მიერ კარგად გამაგრებულ ადგილას, რომელიც შემტევებისთვის წამგებიანია",- წერს სტრელკოვი. 

სტერლკოვის თქმით, არ დასტურდება გავრცელებული ცნობები რუსეთის არმიის 'სერიოზული' წინსვლის შესახებ კუპიანსკის მიმართულებითაც - "როგორც ჩანს არტილერიაში უპირატესობის ხარჯზე მოვახერხეთ ЗСУ-ს შევიწროვება, თუმცა სერიოზული წინსვლა არ არის, ხარკივში რომელიმე დასახლებული პუნქტის დაკავება ვერ მოხერხდა."

სტრელკოვი წერს, რომ წარუმატებლად დასრულდა დონბასის ე.წ. მილიციების დანაყოფების მცდელობა ჰორლოვკის მიმართულებით. ბოევიკის თქმით, მსგავსი სურათია ავდიივკასა და მარიინკას მიმართულებით, სადაც მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად რუსები წინსვლას ვერ ახერხებენ. 

სტრელკოვის ცნობით, ოკუპანტებს წინსვლა აქვთ ბახმუტის მიმართულებით, სადაც დაუდასტურებელი ცნობებით, მათ გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი სოფლის, კრასნა ჰორას დაკავება შეძლეს. მიუხედავად ამისა სტრელკოვის თქმით, ქალაქის უფრო დიდ ნაწილს კვლავ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, ვინაიდან მათ კვლავ რჩებათ გარნიზონის მომარაგებისა და როტაციის მარშრუტები. 

სტრელკოვის თქმით, ქალაქის ბედს რეზერვები გადაწყვეტს და ეს განსაკუთრებით უკრაინაზეა დამოკიდებული - "საკითხავია რამდენად მზად არიან უკრაინელები გააგრძელონ ეს სასაკლაო."

კონტექსტი 

აშშ-ს საზღვაო ანალიზის ცენტრის რუსეთის პროგრამის დირექტორის, მაიკლ კოფმანის ცნობით, რუსეთის იერიში დონბასში უკვე დაიწყო, თუმცა ის მოსალოდნელზე ბევრად მცირე მასშტაბის იქნება. 

კოფმანის თქმით, ოკუპანტებს არ აქვთ რესურსი შეუტიონ უკრაინის უმსხვილეს ქალაქებს და მათი იერიში უმთავრესად დონბასით იქნება შემოსაზღვრული. 

მსგავსი სიახლეები