სუნაკი: ბრიტანეთი უკრაინელ მფრინავებს მოამზადებს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინელ სამხედროებს დასავლურ გამანადგურებლებზე ფრენისთვის გაწვრთნის. ამის შესახებ სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სუნაკმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გამანადგურებლების მიწოდების საკითხი განიხილებოდა როგორც ადრე, ასევე დღესაც.
"ჩვენ მოვამზადებთ უკრაინელ პილოტებს გამანადგურებლებზე საფრენად, რადგან სანამ თვითმფრინავებს მივაწოდებთ, აუცილებელია პილოტების მომზადება. მაგრამ ამას დრო სჭირდება." - თქვა სუნაკმა.
მან აღნიშნა, რომ დაახლოებით 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი უკვე გაიწვრთნა დიდ ბრიტანეთში.
თავის მხრივ, ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა "დიდი ბრიტანეთის ძლიერი სამხედრო დახმარება".
მისი თქმით, უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ერთიანობის დეკლარაციას, რომელიც აფიქსირებს ორი ქვეყნის ურთიერთქმედებასა და ურთიერთდახმარებას.
"ეს არის ურთიერთობების ახალი დონე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.