სუნაკი: პირველები ვიქნებით, ვინც უკრაინას შორი რადიუსის შეიარაღებას მივაწვდით
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საჭიროა უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება და სწორედ ამიტომ ბრიტანეთი იქნება პირველი სახელმწიფო, რომელიც უკრაინას შორი მოქმედების შეიარაღებას მიაწვდის.
ამის შესახებ რიში სუნაკმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს დაიცვან საკუთარი ქალაქები რუსეთის ბომბებისა და ირანული დრონებისგან. და სწორედ ამიტომ დიდი ბრიტანეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას უფრო შორი მოქმედების შეიარაღებას მიაწვდის. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან, რათა უკრაინას საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემები მივაწოდოთ და მივცეთ საშუალებები რათა შექმნან საჰაერო ძალები, რომლითაც დაიცავენ საკუთარ ხალხს",- განაცხადა სუნაკმა.
გარდა ამისა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ომი ამ დროისთვის გარდატეხის წერტილს უახლოვდება და საჭიროა უკრაინის დახმარების გაორმაგება, მან მოუწოდა პარტნიორ ქვეყნებს თამამად გადასცენ მათ განკარგულებაში საარტილერიო ჭურვები უკრაინას.
რიში სუნაკის თქმით, ნატოს მომდევნო სამიტზე, რომელიც ვილნიუსში გაიმართება ბრიტანეთი გამოვა ინიციატივით ალიანსმა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს - "ეს არის გზა იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და კვლავ დავეხმარებით მათ საკუთარი ქვეყნის დაცვაში."
კონტექსტი
ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი - იგულისხმება შორი რადიუსის დრონები, რაკეტები თუ ორივე ერთად. ამ დრომდე დასავლელი მოკავშირეების მიერ გადაცემული შეიარაღების მოქმედების მაქსიმალური სიშორე 80 კილომეტრს შეადგენს.
იანვარში ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას GLSDB-ის ტიპის რაკეტებს მიაწვდის, რომელიც 150 კილომეტრის რადიუსზე მოქმედებს, რაც პრაქტიკულად გააორმაგებს უკრიანული არტილერიის წვდომის არეალს.
კვლავ უცნობია GLSDB-ის რაკეტების გადაცემის ვადები - არსებული ცნობებით, ვაშინგტონში გადაწყვიტეს, რომ არსებული მარაგებიდან გადაცემის სანაცვდოს აღნიშნული შეიარაღება მწარმოებელთან შეეკვეთათ.