სუნაკი: უკრაინელი სამხედროები ბრიტანული ტანკებით რამდენიმე კვირაში იბრძოლებენ
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ Challenger 2-ის ტანკები უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად ჩავა. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინული ეკიპაჟები, რომლებიც ბრიტანეთში წვრთნებზე გასულ კვირას ჩავიდნენ, რამდენიმე კვირაში უკრაინის დასაცავად Challenger 2-ის ტანკებს გამოიყენებენ.
სუნაკმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ასევე გაწვრთნის 10 000 უკრაინელ სამხედროს, მათ შორის პილოტებს და დააჩქარებს იარაღის მიწოდებას.
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ტანკები ამჟამად უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებაა.
"ჯავშანტექნიკა - ჩვენ კარგად ვიცით, რა რაოდენობის ჯავშანტექნიკა აქვს მტერს, ათასობით [ერთეული] საბჭოთა წარმოების. ახალი დასავლური ტიპის აღჭურვილობა უკეთესია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ მსოფლიოში 10 საუკეთესო ტანკი და მეორე მხარეს იქნება ათასობით საბჭოთა წარმოების ტანკი მათ წინააღმდეგ. და არანაირი შანსი არ არის. და ჩვენ არ ვართ თანახმა ასეთ შედეგზე. ამიტომ, ტანკები, ჯავშანტექნიკა და გამანადგურებლები." - განაცხადა მან.