ტაილანდში ყოფილმა პოლიციელმა საბავშვო ბაღში 36 ადამიანი მოკლა

ტაილანდში ყოფილი პოლიციელი საბავშვო ბაღში იარაღითა და დანით შეიჭრა და მოკლა სულ მცირე 36 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი. ამის შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს განაცხადა.

ტრაგედია ბანგკოკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნონგბუალამფუს პროვინციაში მოხდა. თავდამსხმელმა ესროლა ყველას, ვინც მას გადაეღობა და დანით ბავშვები მოკლა, რომლებსაც თავდასხმის დროს ძილის საათი ჰქონდათ. დაღუპულთა შორის იყო ორსული მასწავლებელიც.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი მანამდე სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა, თუმცა ნარკოტიკების მოხმარების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ჩხრეკისას მას მეტამფეტამინის აბები აღმოუჩინეს.

თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ყოფილი პოლიციელი სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც მისი საქმე განიხილებოდა. ის საბავშვო ბაღში ბავშვის წამოსაყვანად მივიდა, მაგრამ იქ ვერ იპოვა და ცეცხლი გახსნა.

სასწტიკი თავდასხმის შემდეგ 34 წლის თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან თავისი მანქანით მიიმალა. გზაში სროლა განაგრძო და კიდევ ოთხი-ხუთი ადამიანი მოკლა.

სახლში დაბრუნებულმა თავდამსხმელმა, ცოლ-შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.  

მსგავსი სიახლეები