ტაივანის ოპოზიციურ პარტიებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატი ეყოლებათ

ტაივანის 2 ძირითადი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატით გასვლის შესახებ შეთანხმდნენ. 

სავარაუდოა, რომ არჩევნების მთავარი საკითხი ჩინეთთან ურთიერთობები იქნება - ამ დროისთვის ტაივანის ხელისუფლებაში დემოკრატიულ-პროგრესული პარტიაა (DPP), რომლებიც ჩინეთისგან დისტანცირებას ემხრობიან. 

საზოგადოებრივი აზრის კვლევებში სწორედ მმართველის პარტიის კანდიდატი და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ლაი ჩინგ-ტე ლიდერობს. 

ამ ფონზე ძირითადი ოპოზიციური პარტიები, გომინდანი (KMT) და ტაივანის სახალხო პარტია (TPP) უკვე ერთ თვეზე მეტია ერთიან კანდიდატზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ორივე პარტია ჩინეთთან მოლაპარაკებების განახლებას და კომპრომისს ემხრობა. 

ტაივანის ყოფილი პრეზიდენტისა და გომინდანის მოქმედი მაღალჩინოსნის, მა ინგ-ჟეუს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთიანი კანდიდატის ვინაობის გასარკვევად საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევებს დაეყრდნობოდნენ. 

ჩინეთსა და ტაივანს შორის მიმდინარე რუტინული მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა რაც, 2016 წელს თვითმმართველ კუნძულზე ჩატარებულ არჩევნებში DPP-ის კანდიდატმა და მოქმედმა ლიდერმა ცაი ინგ-ვენმა გაიმარჯვა. ჩინეთის ხელისუფლება დემოკრატიულ-პროგრესულ პარტიას სეპარატისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. 

კონტექსტი 

ტაივანის ისტორიაში 13-ე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მომდევნო წლის იანვარში გაიმართება. 

ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ - მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად ტაივანს დამარცხებული გენერალი ჩან კაიშის პარტია მართავდა. 

ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის დაიბრუნოს კუნძული თუნდაც ძალის გამოყენებით. 

ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები. 

ქვეყნების აბსოლიტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს, მთელი მსოფლიო კუნძულის წარმომადგენლად პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს. 

ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტაბები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს.  

მსგავსი სიახლეები