FT: თეთრმა სახლმა ტაივანის პრეზიდენტს უარი უთხრა ნიუ-იორკში ტრანზიტულ ვიზიტზე

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარი უთხრა ტაივანის პრეზიდენტს ნიუ-იორკში ტრანზიტულ ვიზიტზე - გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჩინეთის მიერ გამოხატული უკმაყოფილება ლაი ჩინგ-ტეს გეგმებთან დაკავშირებით.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს - საუბარია ტაივანის პრეზიდენტის ტურზე პარაგვაიში, გუატემალასა და ბელიზეში, რომლებიც აღიარებენ ტაივანის დამოუკიდებლობას, მოგზაურობის ფარგლებში ლაი ჩინგ-ტეს ნიუ-იორკში გაჩერება სურდა.
- 28 ივლისს ტაივანის პრეზიდენტის კანცელარიამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ცოტა ხნის წინ მომხდარი ტაიფუნის შედეგებთან გამკლავების გამო უახლოეს მომავალში პრეზიდენტის საგარეო ვიზიტი არ იგეგმებოდა.
- გაზეთის წყაროების ცნობით, დაგეგმილი ვიზიტები სწორედ ტრამპის ადმინისტრაციისგან ტრანზიტულ ვიზიტთან დაკავშირებით მიღებული უარის შემდეგ გაუქმდა.
- ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ლაი ჩინგ-ტეს გუნდის წევრები კონსერვატიული ანალიტიკური ცენტრის Heritage Foundation-ის წარმომადგენელებს დაუკავშირდნენ და მათ ტაივანის პრეზიდენტის გამოსვლის ორგანიზება სთხოვეს.
- ნიუ-იორკის გარდა იგეგმებოდა, ლაი ჩინგ-ტეს ვიზიტი დალასშიც - ჯერჯერობით უცნობია, ტრამპის ადმინისტრაციის უარი მხოლოდ ტრანზიტულ ვიზიტს ეხებოდა, თუ აკრძალვა შტატების საჰაერო სივრცის გამოყენებაზეც ვრცელდება.
Big Picture: წყაროების ცნობით, ტაივანის პრეზიდენტის ვიზიტზე უარის მიზეზი დონალდ ტრამპის სურვილია "არ გააღიზიანოს პეკინი", მით უფრო მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების დროს.
- ჩინეთისა და შეერთებული შტატების მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 28 ივლისს შვეიცარიაში დაიწყო - შეთანხმების მისაღწევად ტრამპმა დროებით შეაჩერა საექსპორტო კონტროლის მოქმედებაც, რომელიც ჩინეთში მოწინავე კომპიუტერული ჩიპებისა და სხვა სენსიტიური ტექნოლოგიების ექსპორტს კრძალავს.
- ამასთანავე წყაროები მიუთითებენ, რომ დონალდ ტრამპს სი ძინფინგთან შეხვედრა სურს და ამ კუთხით ტაივანის პრეზიდენტის ვიზიტი შესაძლოა პრობლემა გამხდარიყო.
Context: ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანის წარმომადგენლების ვიზიტებს შეერთებულ შტატებში, რომელსაც არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური კავშირი ტაივანთან.
- პროტესტის მიუხედავად 2023 წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ ტაივანის იმდროინდელ პრეზიდენტს, ცაი ინგ-ვენს ნიუ-იორკში ტრანზიტული ვიზიტის ნებართვა მისცა