ბესენტი ჩინეთს აფრთხილებს: რუსული ნავთობის შესყიდვა 100%-იან ტარიფებს გამოიწვევს

აშშ-მა ჩინეთი გააფრთხილა, რომ სანქცირებული რუსული ნავთობის შემდგომი შესყიდვa გამოიწვევს ვაშინგტონის მიერ ჩინურ საქონელზე 100%-იანი იმპორტის გადასახადის დაწესებას. ამის შესახებ სამშაბათს, 29 ივლისს, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა.

State Of Play: სააგენტო Reuters წერს, რომ სტოკჰოლმში, აშშ-სა და ჩინეთს შორის ორდღიანი სავაჭრო მოლაპარაკებების შეჯამებისას, ბესენტმა აღნიშნა, რომ მან ასევე გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ჩინეთი აგრძელებს სანქცირებული ირანული ნავთობის შესყიდვას და რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების საქონლის მიყიდვას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გაგრძელებაზე.

  • აშშ-ის ხაზინის მდივნის თქმით, ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მის გაფრთხილებებზე საპასუხოდ განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ კვლავ დაიცვან თავიანთი "ენერგეტიკული სუვერენიტეტი."
  • "ჩინელები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან თავიანთ სუვერენიტეტს. ჩვენ არ გვინდა მისი ხელყოფა, თუ ისინი 100%-იანი გადასახადის გადახდას აირჩევენ," - აღნიშნა ბესენტმა.
  • მან ხაზი გაუსვა კონგრესის მიერ განსახილველი კანონპროექტის მნიშვნელობას, რომელიც ითვალისწინებს რუსული ენერგომატარებლების შემსყიდველი ქვეყნებიდან იმპორტზე 500%-იანი ტარიფების შემოღებას.
  • "ვფიქრობ, ყველა, ვინც რუსულ ნავთობს ყიდულობს, ამისთვის მზად უნდა იყოს," - განაცხადა სკოტ ბესენტმა პრესკონფერენციის დროს.

Big Picture: აშშ-ის ხაზინის მდივნისა და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერის, ჰე ლიფენგის ხელმძღვანელობით შეხვედრა შვედეთის დედაქალაქში მას შემდეგ შედგა, რაც აშშ-მა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმების მიღწევის შესახებ განაცხადეს.

  • AFP-მა და Reuters-მა რამდენიმე საათით ადრე განაცხადეს, რომ სტოკჰოლმში ამერიკული და ჩინური დელეგაციების მოლაპარაკებები სერიოზული გარღვევების გარეშე დასრულდა, თუმცა ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები 12 აგვისტოს ამოწურული 90-დღიანი სატარიფო ზავის გაგრძელებას შეეცდებიან.
  • დონალდ ტრამპის თქმით, ის უკვე ესაუბრა ბესენტს.
  • "მან ძალიან კარგად შეაფასა შეხვედრა - გუშინდელზე უკეთ," - განუცხადა მან ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე, შოტლანდიაში ხუთდღიანი ვიზიტის შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნებისას.
  • თავის მხრივ, სკოტ ბესენტმა დააზუსტა, რომ, სავარაუდოდ, დაახლოებით 90 დღეში ამერიკელი და ჩინელი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.
  • "კარგი პირადი ურთიერთობა დამყარდა, ურთიერთპატივისცემა. ვფიქრობ, ჩვენ გაცილებით უკეთ გვესმის მათი დღის წესრიგი," - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები