ტერაქტის მომზადების ბრალდებით გერმანიაში სირიელი მამაკაცი დააკავეს
ჰამბურგში ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი 28 წლის სირიის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კრიმინალურმა სამსახურმა 25 აპრილს განაცხადა.
ჰამბურგის სასამართლომ მამაკაცის დაკავების ორდერი გასცა. გამომძიებლების თქმით, ის "თვითმკვლელი ქამრის" გამოყენებას სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმისთვის გეგმავდა.
გარდა ამისა, კემპტენში (ბავარია) ეჭვმიტანილის 24 წლის ძმა დააკავეს, რომელიც ბრალდებულია დანაშაულში თანამონაწილეობაში.
სამართალდამცავების თქმით, 28 წლის მამაკაცმა რამდენიმე კვირა გაატარა ონლაინ პლატფორმა Ebay-სა და სხვა საიტებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის კომპონენტების შეძენაში.
მისი ძმა მხარს უჭერდა მამაკაცს დანაშაულის დაგეგმვაში. ჯერჯერობით უცნობია, რა სამიზნეზე აპირებდა თავდასხმას ეჭვმიტანილი. თუმცა, გამოძიების ცნობით, მამაკაცი "თვითმკვლელი ქამრით" საკუთარი სიცოცხლის მოსპობას და თან "რაც შეიძლება მეტი ადამიანის თან წაყვანას" აპირებდა.
ეჭვმიტანილები გერმანიაში 2015 წელს ჩავიდნენ. მათი დაკავების ოპერაციაში 250 პოლიციელი მონაწილეობდა. dpa-ს ცნობით, კემპტენის სამძებრო ოპერაციაში სპეცრაზმიც ჩაერთო.
თავდასხმა დუისბურგში
ერთი კვირით ადრე, 18 აპრილს, დუისბურგის ცენტრში დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა ფიტნეს ცენტრის სტუმრებს.
21-დან 32 წლამდე ოთხმა ადამიანმა (ყველა გერმანიის მოქალაქე) სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა, მოგვიანებით დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი სირიის 26 წლის მოქალაქე დააკავეს. დიუსელდორფის პროკურატურა აცხადებს, თავდამსხმელი შესაძლოა ისლამისტური მოტივებით მოქმედებდა.