თეთრი სახლი: ზელენსკი იარაღს ითხოვს და არა ამერიკულ ჯარს

შეერთებული შტატები არ გეგმავს უკრაინაში ჯარის გაგზავნას და ზელენსკი მოკავშირეებს რუსეთთან ომისთვის საჭირო იარაღის მიწოდებას სთხოვს.

ამის შესახებ ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა 5 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს უკრაინის დამატებითი დაფინანსება, რათა "ჩვენ გავაგრძელოთ ძლიერი ლიდერობა და მხარდაჭერა 50-ზე მეტი სახელმწიფოს კოალიციაში, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა შეკრიბა უკრაინის მხარდასაჭერად."

"(ჯო ბაიდენმა. - რედ.) თავიდანვე ძალიან მკაფიოდ განაცხადა: ამერიკული ჯარი უკრაინის შიგნით ბრძოლის ველზე არ იბრძოლებს. და იცით რა? პრეზიდენტი ზელენსკი ამას არ ითხოვს. ის მხოლოდ სახსრებსა და შესაძლებლობებს ითხოვს," - აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა.

"მას არასოდეს უთხოვია უცხო ჯარებისთვის თავისი ქვეყნისთვის ბრძოლა. მას და მის არმიას სურთ ამის გაკეთება, მაგრამ მათ სჭირდებათ სახსრები და სწორედ აქ უნდა დავეხმაროთ მათ," - თქვა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ "დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნა გამორიცხული არ არის."  

ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა მოკავშირე ქვეყნების მთავრობებში, რომელთა ლიდერებმაც აღნიშნეს, რომ ისინი არ გაგზავნიან ჯარს.

მოსკოვი მკაცრად გამოეხმაურა მაკრონის განცხადებებს და გააფრთხილა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს რუსეთსა და ნატოს შორის.

მსგავსი სიახლეები