The Economist: დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ქულა გაუარესდა
ბრიტანულმა ჟურნალმა The Economist-მა 2021 წლის დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა.
10 ბალიანი ინდექსის თანახმად საქართველოს ჯამური ქულა 5.31-დან 5.12-მდე შემცირდა, ქვეყნების ჩამონათვალში კი საქართველო 91-ე ადგილი შეინარჩუნა და ლიბერიასა და ჰონდურასს შორისაა მოქცეული.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ჯამური ქულაც 2021 წელს გაუარესდა. სომხეთს წინა წელთან შედარებით პროგრესი აქვს (0.13-ით მეტი), ხოლო აზერბაიჯანის ქულა არ შეცვლილა.
სომხეთისა (89-ე ადგილი) და უკრაინის (86-ე ადგილი) მსგავსად, საქართველო "ჰიბრიდული რეჟიმების" ჩამონათვალშია, რაც ინდექსის თანახმად ავტორიტარიზმზე ზედა საფეხურია, თუმცა "ნაკლოვანი დემოკრატიის" კატეგორიას ჩამოუვარდება.
საქართველოს განსაკუთრებით დაბალი ქულა აქვს პოლიტიკური კულტურის კატეგორიაში (3.75), შედარებით მაღალი კი საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის კუთხით (7.42).
ამისდა მიუხედავად, ანგარიშში ნათქვამია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისას გაიმართა, დარღვევებით ჩატარდა. ანგარიშის თანახმად, "მმართველი პარტია სარგებლობს თვალშისაცემი ფინანსური და ოპერაციული უპირატესობებით, ამგვარად კი საარჩევნო კონკურენტუნარიანობა და გამჭვირვალობა იზღუდება".
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე ტურბულენტურმა პოლიტიკურმა მოვლენებმა საზოგადოების ერთსულოვნებას მიაყენა ზიანი, რისი კულმინაციაც ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება გამოდგა.