The hill: ბაიდენი 2024 წელს კვლავ აპირებს პრეზიდენტად კენჭისყრას
ჯო ბაიდენმა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას უთხრა, რომ ის კვლავ აპირებს პრეზიდენტად კენჭისყრას 2024 წელს.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hill საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ობამა თეთრ სახლს აპრილის დასაწყისში ეწვია, თუმცა უცნობია ამ შეხვედრაზე შედგა თუ არა საუბარი აღნიშნულ თემაზე. ამავე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტად მოიხსენია, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ ეს ხუმრობა იყო.
ბაიდენი ობამას პრეზიდენტობის ორი ვადის განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ბაიდენის მესამე და ყველაზე იღბლიანი მცდელობა იყო.
პრეზიდენტად ინაუგურაციის მომენტში ბაიდენი 78 წლის იყო, 2024 წელს ჯო ბაიდენი 82 წლის იქნება.
კორონავირუსის პანდემიის, ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბების დაბრუნების, რეკორდული მაღალი ინფლაციისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ჯო ბაიდენის პერსონალური რეიტინგი გამუდმებით მცირდება.
მოსალოდნელია, რომ შემოდგომაზე გასამართ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები დაიბრუნებენ კონტროლს კონგრესზე. დეკემბერში ABC-სთან ინტერვიუში ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპის კანდიდატობა გაზრდიდა მისი კენჭისყრის შანსებსაც.