TOI: ჰამასის ტყვეობაში 137 მძევალი რჩება

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვისა და საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, ჰამასის ტყვეობაში 137 ისრაელელი მძევალი რჩება. 

ინფორმაციას ამის შესახებ Times Of Israel ისრაელის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ეილონ ლევის ცნობით, ჰამასთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში 110 მძევალი გათავისუფლდა. მისი თქმით, მძევლებს შორის 115 კაცი, 20 ქალი და 2 ბავშვია. 10 მძევალი 75 წელზე უფროსი ასაკისაა, 126 მათგანი ისრაელელია, ხოლო 11 უცხოეთის მოქალაქეა, მათ შორის 8 ტაილანდის მოქალაქეა. 

ეილონ ლევის ცნობით, მძევლებს შორის ყველაზე პატარა 10 თვის კფირ ბიბასი და მისი უფროსი ძმა, 4 წლის არიელია, ტყვეობაში არასრულწლოვნების დედაც. 

საყურადღებოა, რომ საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, ჰამასმა განაცხადა, რომ კფირ და არიელ ბიბასები ისრაელის ავიაციის დარტყმების შედეგად დაიღუპნენ. ისრაელში განაცხადეს, რომ ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას. 

კონტექსტი

პირველი დეკემბერს დილით ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა ამოიწურა, თუმცა მოლაპარაკებები ზავის გახანგრძლივების შესახებ კატარში ამ დრომდე გრძელდება. 

კატარის მედიაციით, ისრაელმა და ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 23 ნოემბერს მიაღწიეს. ზავი შემდეგ კიდევ ორჯერ გახანგრძლივდა და ჯამურად 7 დღე გასტანა. 

ამ დროის განმავლობაში მძევლობიდან გათავისუფლდა 110 მძევალი და 300-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი ისრაელის ციხეებიდან. 

 

მსგავსი სიახლეები