ტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, ვინც უკრაინის მიწა არ მისცა პუტინის რუსეთს მე ვარ

დონალდ ტრამპი პარასკევს თეთრ სახლში გამართული სკანდალური შეხვედრის შესახებ პრესაში გავრცელებულ კრიტიკას გამოეხმაურა. 

"ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც პუტინის რუსეთისთვის არ მიუცია უკრაინის მიწა დონალდ ტრამპია, გახსოვთ ეს, როდესაც სუსტი და არაეფექტური დემოკრატები მაკრიტიკებენ და ფეიკ ნიუსი სიხარულით ავრცელებს"- წერს ამერიკის პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში. 

ცოტა ხნით ადრე ტრამპმა დაწერა, რომ ამერიკელებმა ნაკლებად უნდა იდარდონ პუტინზე და მეტად არალეგალურ მიგრაციაზე, კრიმინალებსა და დამნაშავეებსა, რათა ამერიკამ არ დაასრულოს "ევროპასავით."

2 მარტს იმავე სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი მომხარებლის პოსტი გააზიარა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პარასკევის სკანდალური შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის არ ექნება არანაირი არჩევანი გარდა იმისა, რომ მიიღოს ტრამპის პირობები.

"უკრაინასთან მწირმიწების შეთანხმებით ტრამპი ხელს უწყობს აშშ-ს ჩართულობას უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში, ეს კი რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ახალი თავდასხმის პრევენციაა, რადგანაც ასეთ ვითარებაში უკრაინაზე თავდასხმა ამერიკელების სიცოცხლეს რისკის ქვეშ დააყენებს და აიძულებს მას უპასუხოს რუსეთის ქმედებებს",- ნათქვამია პოსტში. 

კონტექსტი 

თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ, ვენსთან დაწყებული კამათის შემდეგ ხმამაღალ, დაძაბულ საუბარში გადაიზარდა და საბოლოოდ სკანდალურად ჩაიშალა. 

მიზეზი ვიცე-პრეზიდენტ, ჯეიმს დევიდ ვენსის კომენტარი გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრა და გაანადგურა ქვეყნის დიდი ნაწილი, და დღეს ცხადია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ადმინისტრაციის მიდგომა არასწორი იყო და დიპლომატიის დრო მოვიდა.

ზელენსკიმ ვენსს განუმარტა, რომ გასული 10 წლის განმავლობაში, პუტინმა არაერთი შეთანხმება დაარღვია სხვადასხვა პრეზიდენტის პირობებში და რა დიპლომატიაზე შეიძლება ასეთ ვითარებაში საუბარი.
 
"მთელი პატივისცემით ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ თქვენ ცოცხალი ძალის დანაკლისი გყავთ, თქვენ სერიოზული პრობლემები გაქვთ ამასთან დაკავშირებით. თქვენ არ უნდა ესხმოდეთ თავს იმ ქვეყნის ლიდერებს, რომელიც ომის შეჩერებაში უნდა დაგეხმაროთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
 
მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს მოლაპარაკებებისთვის საჭირო "კარტები" და არსებობს მესამე მსოფლიო ომის რისკები და ზელენსკის არ აქვს უფლება დაუდევრად მოიქცეს.
 
"თქვენს ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს, ჩვენ მოგეცით 350 მილიარდი დოლარის შეიარაღება, კი, თქვენ ძალიან მამაცი ხალხი გყავთ, მაგრამ ჩვენი დახმარების გარეშე ეს ომი 2 კვირაც არ გაგრძელდებოდა" - მიუგო ტრამპა ზელენსკის.
 
ჟურნალისტებთან საუბრის ნაწილის შემდეგ, მხარეები ცალკეულ ოთახებში განლაგდნენ, რის შემდეგ ცოტა ხანში უკრაინულ დელეგაციას განუმარტეს, რომ შეხვედრა არ შედგებოდა და უნდა დაეტოვებინათ თეთრი სახლი. 
 
გაუქმდა ჩანიშნული პრესკონფერენცია, ასევე მწირმიწების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია.

მსგავსი სიახლეები