"ჩვენ მხოლოდ ყინულის ნაჭერს ვითხოვთ"- ტრამპის აქცენტები დავოსის ფორუმზე
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა პირველად გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა გრენლანდიასთან დაკავშირებით, რასაც ამერიკული საფონდო ბირჟების ინდექსის ზრდა მოჰყვა.
რეალპოლიტიკა გთავაზობთ დონალდ ტრამპის აქცენტებს დავოსის ეკონომიკურ ფორუმის გამოსვლიდან:
გრენლანდია: ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია ამერიკას ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სჭირდება.
- თემაზე საუბარი ტრამპმა იმით დაიწყო, რომ ამ გიგანტური ტერიტორიის დაცვა მხოლოდ ამერიკას შეუძლია და დანია კუნძულზე ბევრად ნაკლებ ფულს ხარჯავს, ვიდრე ჰპირდებოდა.
- "ჩემი მიზანია დაუყოვნებლივი მოლაპარაკებები გრენლანდიის შესყიდვის შესახებ"- განაცხადა ტრამპმა.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, მას შეუძლია, მაგრამ არ სურს და არ გამოიყენებს ძალას გრენლანდიის მიერთებისთვის, მისი თქმით, გრენლანდიელებს აქვთ არჩევანი: "თქვენ შეგიძლიათ თქვათ დიახ და ჩვენ ძალიან მადლიერები ვიქნებით, ან თქვენ შეგიძლიათ გვითხრათ არა და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ."
- ამასთანავე ტრამპმა, უარყო, რომ გრენლანდიის მიერთება დარტყმა იქნება ნატოსთვის.
ნატო: ტრამპის თქმით, ამერიკა "ყოველთვის დაუჭერს მხარს ნატოს, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ იგივეს იზამენ მისი მოკავშირეები."
- მისი თქმით, ამერიკის მხარდაჭერა ნატოს მიმართ 100%-იანია და ერთადერთი რასაც სანაცვლოდ ამერიკა ითხოვს ეს ყინულის ნაჭერია (მაღალი ალბათობით ამერიკელი პრეზიდენტი გრენლანდიას გულისხმობდა).
რუსეთ-უკრაინის ომი: ტრამპმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები აღარ აფინანსებს უკრაინას და კიდევ ერთხელ უსაყვედურა ჯო ბაიდენს, რომელმაც მისი თქმით, უკრაინას 350 მილიარდი დოლარი გადასცა (დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, საუბარია 120 მილიარდ დოლარზე).
- "მათ არ მოწონთ რასაც ჩვენ ვაკეთებთ - ვსაუბრობ ნატოზე, ვსაუბრობ ევროპაზე, უკრაინის პრობლემა მათი გადასაწყვეტია და არ ჩვენი. შეერთებული შტატები შორსაა: ჩვენ დიდი, ლამაზი ოკეანე გვყოფს, ჩვენთან ამ ყველაფერთან არანაირი კავშირი არ გვაქვს"- განაცხადა ტრამპმა.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ამ დროისთვის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სურს როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე ვლადიმირ პუტინსაც.
- ამავე ნაწილში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოგვიანებით შეხვედრას გამართავდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუმცა რამდენადაც ცნობილია უკრაინელი პრეზიდენტი ამ დროისთვის კიევში იმყოფება და შეხვედრა ხვალ, 22 იანვარს გაიმართება.
ევროპა: ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოს, თუმცა ევროპიდან დაბრუნებული მეგობრები მას ეუბნებიან, რომ კონტინენტს "ვეღარ ცნობენ."
- "მე მიყვარს ევროპა და მსურს ის აყვავდეს, მაგრამ ევროპა არასწორი მიმართები მიდის"- განაცხადა ტრამპმა.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს გარკვეული ნაწილები უბრალოდ ნადგურდება, ხოლო ლიდერები არაფერს აკეთებენ ვითარების გამოსასწორებლად.
- ამ კონტექსტში ტრამპა ისაუბრა უკონტროლო მიგრაციაზე, დაუბალანსებელ ბიუჯეტსა და სავაჭრო ბალანსის დეფიციტზე.
ტარიფები: ტრამპმა კიდევ ერთხელ დაიცვა მის მიერ გამოცხადებული საბაჟო ტარიფები და განაცხადა, რომ ამის აუცილებლობა ამერიკელი მოქალაქეებისთვის პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით იყო განპირობებული.
- "ამერიკა არ აპირებს დანარჩენი მსოფლიოს სუბსიდირებას, ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დაბალ ფასს გადავიხდით... თქვენ ყველა ამ პროცესის მონაწილეები ხართ, მათ შორის ზოგ შემთხვევაში ამ ტარიფის მსხვერპლებიც ხართ, მაგრამ ეს სამართლიანი და თქვენი უმეტესობა ამას ხვდება"- განაცხადა ტრამპმა.
ვენესეულა: ტრამპის თქმით, ნიკოლას მადუროს დაპატიმრების შემდეგ, ვენესუელასთან ახალი შეთანხმების სივრცე გაჩნდა, რაც ჭკვიანურია და სხვებმაც უნდა აიღონ მაგალითი.
- "მომდევნო 6 თვეში ვენესუელა უფრო მეტ ფულს იშოვის, ვიდრე ბოლო 20 წლის განმავლობაში ჯამურად"- განაცხადა ტრამპმა.
გამოსვლის დიდი ნაწილი ტრამპმა შიდა პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებზე საუბარს დაუთმო, კვლავ რამდენიმეჯერ გააკრიტიკა ჯო ბაიდენი და მას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა. ამასთანავე ტრამპმა ისაუბრა იმიგრაციის პრობლემის გადაჭრაზეც და შეაქო თავისი თანაშემწეები, მათ შორის მარკო რუბიო, თეთრი სახლის აპარატის უფროსი, სიუზან უაილსი, ვაჭრობის მდივანი, ჰოვარდ ლატნიკი და სხვები.