ტრამპი რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთ ლიდერს აკრიტიკებს
შაბათს, ფლორიდაში, დონორებთან შეხვედრაზე, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ლიდერები გააკრიტიკა. პარტია ამჟამად 2022 წლის კონგრესის შუალედური არჩევნებისთვის ემზადება.
არჩევნების წინ ბევრი ელოდა, რომ ტრამპი ეცდებოდა გამაერთიანებლის როლი მოერგო და წარსული დაპირისპირებები დაევიწყებინა. თუმცა, დამარცხებიდან 3 თვის შემდეგ, მან გამოსვლა რესპუბლიკური პარტიის ლიდერებზე თავდასხმას დაუთმო.
მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი იყო. ყოფილმა პრეზიდენტმა, ყველაზე ძლიერ რესპუბლიკელს “სულელი ნაბიჭვარი” უწოდა და გააკრიტიკა პრეზიდენტ ბაიდენისთვის გამარჯვების მილოცვის გამო.
გარდა ამისა, მან ჯორჯიის რესპუბლიკელი გუბერნატორი ბრაიან კემპიც გააკრიტიკა, რომელმაც შარშან, ტრამპის ზეწოლის მიუხედავად, არაფერი მოიმოქმედა შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესაცვლელად. მაშინ ტრამპი აცხადებდა, რომ ჯორჯიაში არჩევნები მის წინააღმდეგ გაყალბდა. ტრამპის თქმით, ის კემპის მოწინააღმდეგეს დაუჭერს მხარს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზე, მომავალ წელს გასამართ გუბერნატორის არჩევნებზე.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ის იმედგაცრუებულია ყოფილი ვიცე პრეზიდენტით, მაიკ პენსით, რომელმაც არაფერი გააკეთა კონგრესში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესაცვლელად.
რესპუბლიკელებს კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობისთვის მხოლოდ 5 ადგილი სჭირდებათ, ხოლო სენატში - 1.
2021 წელს კონგრესის ქვედა პალატის ოლქების გადახაზვა ხდება, რესპუბლიკელებს კი დემოკრატებზე რთული რუკა აქვთ. ისინი სენატის 20 ოლქს იცავენ, ხოლო დემოკრატები - 14-ს. ზედა პალატის მთავარი ბრძოლა ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიასა და ფლორიდაში იქნება.
ტრამპი ჯერ კიდევ რჩება ყველაზე გავლენიან და პოპულარულ რესპუბლიკელად და მისი მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება 2022 წლის შუალედურ არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებისთვის.
წინა კვირაში, სენატის ლიდერების ფონდმა, რომელიც უმრავლესობის ლიდერთან, მიჩ მაკკონელთან არის აფილირებული, მხარი დაუჭირა ალასკის რესპუბლიკელ სენატორ ლიზა მურკოვსკის 2022 წლის კამპანიაში. მურკოვსკი ტრამპის კრიტიკოსია და მან მის იმპიჩმენტს მისცა ხმა.
საპირისპიროდ, ტრამპმა მხარი დაუჭირა კონგრესმენი ენტონი გონსალესის პრაიმერის მოწინააღმდეგეს, რადგან გონსალესმა მის იმპიჩმენტს მისცა ხმა. გარდა ამისა, ტრამპი ჯორჯიაში მხარს უჭერს კონგრესმენ ჯოდი ჰაისს, რომელიც აპირებს შტატის რესპუბლიკელი სახელმწიფო მდივნის, ბრედ რაფენსპერგერის პრაიმერიში დამარცხებას.