"ტრამპის ეფექტი" - რა უნდა ვიცოდეთ კანადის საპარლამენტო არჩევნებზე

კანადაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - შედეგს დიდი გავლენა ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოულოდნელად ძალიან მყიფე ურთიერთობისთვის.
გარკვეული აზრით, წინასაარჩევნო პროცესის მსვლელობასა და მთავარი თემების განსაზღვრაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებზე მეტი გავლენა დონალდ ტრამპს ჰქონდა - ამერიკელი პრეზიდენტის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფები და საუბრები ქვეყნის აშშ-ის 51-ე შტატად გადაქცევის შესახებ კამპანიის მთავარი თემები გახდა.
მეტიც, თუ სოციოლოგიურ კვლევებს დავუჯერებთ ტრამპის განცხადებებმა შესაძლოა უფრო მეტად შეცვალა კანადელი ამომრჩევლების არჩევანი, ვიდრე უშუალოდ კანადური პარტიების კამპანიამ.
State Of Play: გასული თვეების განმავლობაში კანადის მმართველი, "ლიბერალური" პარტიის მხარდაჭერის მაჩვენებლები განუხრელად მცირდებოდა, გამოკითხვები აჩვენებდა, რომ კანადელ ლიბერალებს შესაძლოა ბრიტანელი კონსერვატორების ბედი გაეზიარებინათ, რომლებმაც გასული წლის ვადამდელ არჩევნებზე პარტიის ისტორიაში ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენეს.
- დინამიკა დონალდ ტრამპმა ამოაყირავა - კანადის მთავრობაზე რიტორიკული თავდასხმების ფონზე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მთავრობის ირგვლივ გაერთიანდა და ლიბერალურ პარტიას მეორე სუნთქვა გაეხსნა.
- მიმდინარე არჩევნებზე ამომრჩევლების უპრეცედენტოდ მაღალ აქტივობას ელიან - ამაზე მიუთითებს ისიც, რომ საკუთარი არჩევანი ფოსტის მეშვეობით უკვე დააფიქსირა 7 მილიონზე მეტმა კანადელმა - რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
Driving The News: ტრამპის გარდა, მიმდინარე არჩევნების მთავარი ფიგურა მოქმედი პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნია, რომელმაც ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტზე ჯასტინ ტრიუდო იანვარში გამართული შიდაპარტიული არჩევნების შედეგად ჩაანაცვლა.
- კარნის მთავარი ოპონენტი კონსერვატიული პარტიის ლიდერი პიერ პოლიევრია, რომელსაც პოპულისტური რიტორიკის გამო ხშირად ადარებდნენ დონალდ ტრამპს.
- ჯერ კიდევ 6 თვის წინ სოციოლოგიური კვლევები პოლიევრის დამაჯერებელ გამარჯვებას პროგნოზირებდნენ, თუმცა არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად კონსერვატორების მხარდაჭერის მაჩვენებლები განუხრელად მცირდებოდა.
როგორ მუშაობს კანადის საარჩევნო სისტემა
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მარკ კარნიმ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
- კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც ვადამდელ არჩევნებს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ფორმალური თანხმობა გენერალ-გუბერნატორისგან უნდა მიიღოს, რომელიც თავის მხრივ უფლებამოსილია დაშლილად გამოაცხადოს პარლამენტი.
- არჩევნების შესახებ კანონით გენერალურ არჩევნებს შორის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვადამდელი არჩევნების არ დანიშვნის შემთხვევაში პროცესი მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდებოდა.
- კანადა 343 ფედერალურ საარჩევნო ოლქად იყოფა
- ქვეყანაში 4 უმსხვილესი პარტიაა: ლიბერალები, კონსერვატორები, ახალი დემოკრატები და კვებეკური ბლოკი.
- წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა (150 მანდატი) ლიბერალებს ჰქონდათ, კონსერვატორებს საკანონმდებლო უწყებაში 120 დეპუტატი ჰყავდათ, კვებეკურ ბლოკს 33 და ახალ დემოკრატებს 24.
- სხვა საპარლამენტო მმართველობის ქვეყნების მსგავსად პრემიერ-მინისტრს კანადელები პირდაპირი წესით არ ირჩევენ - როგორც წესი პრემიერი იმ პარტიის ლიდერი ხდება, რომელმაც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.
ლიდერები
- 60 წლის მარკ კარნი - რომელმაც პრემიერის კაბინეტი გასულ მარტში დაიკავა დასავლეთის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ტექნოკრატად მიიჩნევა.
- თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მარკ კარნი იკავებდა კანადისა და ინგლისის ბანკის პრეზიდენტის პოსტს, ის მიიჩნეოდა 2008 წლის ფინანსური კრიზისისა და Brexit-ის შემდგომ პერიოდში ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად.
- მიუხედავად იმისა, რომ საჯარო პოლიტიკაში კარნის დიდი გამოცდილება აქვს, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ის იკავებდა ჯასტინ ტრიუდოს მრჩეველის პოსტს და ხელმძღვანელობდა ლიბერალური პარტიის ეკონომიკურ ბლოკს.
- 45 წლის პიერ პოლიევრი - რომელიც კანადის კონსერვატიული პარტიის ლიდერი 2022 წელს გახდა.
- კარნისთან შედარებით პოლიევრი გამოცდილი პოლიტიკოსია - პირველი საპარლამენტო მანდატი მან 2004 წელს მოიპოვა, გარდა ამისა იკავებდა მაღალ კაბინეტურ თანამდებობებს ტრიუდოს წინამორბედ კონსერვატიულ მთავრობებში.
- პოლიტიკოსის ოფიციალურ ბიოგრაფიაში პოლიევრი დახასიათებულია როგორც "მტკიცე კონსერვატორი და თავისუფალი ბაზრის ჩემპიონი." პოლიევრი რიტორიკა განსაკუთრებით კულტურული და სოციალური საკითხების კომენტირებისას იმეორეოდა ტრამპის ზოგ თეზისს, თუმცა ბოლო კვირებში ტრამპით კანადელების გაღიზიანების ფონზე, პოლიევრმა ამერიკელი პრეზიდენტის კრიტიკას მოუხშირა.
მთავარი საკითხები
- კანადის საზოგადოებრივი მაუწყებლის (СBC) დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამომრჩევლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებია - ამომრჩევლები გადაწყვეტილებას მიიღებენ იმის მიხედვით, თუ მათი აზრით, რომელია პარტია გაუმკლავდება ტრამპის ადმინისტრაციისგან მომდინარე გამოწვევებს.
- გარდა ამისა, ამომრჩევლებს აწუხებთ მაღალი ინფლაცია და ცხოვრების ღირებულების გაზრდილი ხარჯები.
Zoom In: დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფებით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებზე პასუხი პარტიების მთავარი პლატფორმაა.
- ლიბერალების გეგმა დამატებით 2 მილიარდი დოლარის მოცულობის სტრატეგიული ფონდის შექმნას გულისხმობს, რომელიც კანადური ავტო წარმოებისა ინტერესების დაცვასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე უნდა დაიხარჯოს.
- კონსერვატორები დროებითი 3-მილიარდიანი ფონდის შექმნას აპირებენ, რომელიც იაფი, გრძელვადიანი კრედიტებითა და სხვა სუბსიდიებით ამერიკული სავაჭრო ტარიფებით დაზიანებულ ბიზნესებს დაეხმარება.
რას ამბობს ტრამპი
მარტის მიწურულს Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ "საერთოდ არ ადარდებდა", თუ ვინ გაიმარჯვებდა კანადის არჩევნებში.
- "შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ შესაძლოა ლიბარალებთან მუშაობა უფრო მარტივი იყოს და შესაძლოა მათ გაიმარჯვონ კიდეც, მაგრამ ეს საერთოდ არ მადარდებს, ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს"- ამბობდა ტრამპი.
- ამერიკელმა პრეზიდენტმა გააკრიტიკა პიერ პოლიევრი და პოლიტიკოსს "სულელი" უწოდა, რადგანაც მასთან არ მეგობრობს.
Zoom Out: ტრამპსა და კარნის შორის შემდგარ ჯერჯერობით პირველ და უკანასკნელ სატელეფონო საუბარს ორივე მხარემ კონსტრუქციული და პროდუქტიული უწოდა. მიუხედავად ამისა, ვითარებაში გაცნოებიერებულ წყაროები ამბობენ, რომ სატელეფონო საუბარში ტრამპი კვლავ "51-ე შტატზე" საუბრობდა.
- პრემიერის პოსტის დაკავების შემდეგ, კარნიმ განაცხადა, რომ ტრამპის გაუმართლებელი ქმედებებისა და მუქარების გამო კანადა უკანასკნელ ათწლეულებში უპრეცედენტო ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე აღჩმოჩნდა.
- საყურადღებოა, მის წინამორბედთან შედარებით კარნის მიმართ ჯერჯერობით უფრო მოკრძალებულ ტონს ინარჩუნებს დონალდ ტრამპი, რომელიც ტრიუდოს კანადის გუბერნატორად მოიხსენიებდა.