ტრამპის მრჩეველი რუსეთის დაბომბვის დაშვებას ესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს
დონალდ ტრამპის მიერ ნომინირებულმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ფლორიდელმა კონგრესმენმა მაიკ უოლცმა Fox News-ზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების დაშვება ომის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს.
უოლცმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას წინასწარ არ გაუცხადებია რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე დარტყმების დაშვების გადაწყვეტილება.
"და ეს, თქვენ იცით, კიდევ ერთი ნაბიჯია ესკალაციისკენ და არავინ იცის სად მიგვიყვანს. ჩრდილოეთ კორეა გადასცემს ბალისტიკურ რაკეტებს, არტილერიას და ახლა ათიათასობით ჯარისკაცს. (ბაიდენის) ადმინისტრაცია ამაზე რეაგირებს შეზღუდვების მოხსნით. ჩრდილოეთ კორეა უფრო მეტ ჯარისკაცს აგზავნის. სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ შესაძლოა ომი დაიწყოს." - თქვა მან.
გარდა ამისა, როგორც ესკალაციის მაგალითი, ტრამპის მომავალმა მრჩეველმა მოიყვანა ირანის მიერ ჩინეთისთვის ნავთობის მიყიდვა, რომელიც გამოიყენება რუსეთში რაკეტებისა და დრონების გასაგზავნად, "და ისინი, თავის მხრივ, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავენ."
"ასე რომ, ეს (ბაიდენის მიერ შეზღუდვის მოხსნა - რედ.) არის მოვლენა, მაგრამ ტაქტიკური. პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს გრანდიოზულ სტრატეგიაზე: როგორ შეგვიძლია ვაიძულოთ ორივე მხარე დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დასრულდეს ეს ომი? როგორი უნდა იყოს შეთანხმება და ვინ დაჯდება ამ მაგიდასთან?" – აღნიშნა უოლცმა.
კონტექსტი
17 ნოემბერს, The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველად დაუშვა უკრაინელი სამხედროების მიერ ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები.
ამერიკულ ATACMS-ის რაკეტებს, მოდიფიკაციის მიხედვით, 140-დან 300 კმ-მდე შეუძლიათ სამიზნეების განადგურება.
19 ნოემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველი შეტევა განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული ATACMS-ის რაკეტებით და ბრაიანსკის ოლქში, საბრძოლო მასალის საცავი დაბომბეს.
Reuters ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ საბრძოლო მასალის საცავისკენ რვა ATACMS-ის რაკეტა გაისროლა და რუსეთმა ორის ჩამოგდება შეძლო.