ტრამპის შერბილებული ტონი და მწირმიწების შეთანხმება - რა ვიცით ზელენსკის ვიზიტზე
.jpg)
მედია უკრაინელი პრეზიდენტის პოტენციურად ისტორიული ვიზიტის გასაშუქებლად ემზადება - თეთრ სახლში დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართება.
შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, უკრაინელი პრეზიდენტი ჯერ სენატორებს შეხვდება, რის შემდეგ, თბილისის დროით დაახლოებით 20 საათისთვის, მას ოვალურ კაბინეტში უმასპინძლებენ.
პრეზიდენტები განცხადებებს საქართველოს დროით 22:00 საათზე გაავრცელებენ, თუმცა, მანამდე უნდა შედგეს უკრაინის მწირმიწების (იშვიათი მინერალების) შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
უკრაინელი პრეზიდენტი ამერიკაში ვიზიტს ჰადსონის ინსტიტუტში სტუმრობით დაასრულებს, სადაც, უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ტრამპსა და ზელენსკის შორის პირველი კონტაქტებიდან მოყოლებული, ორი პრეზიდენტის ურთიერთობები უფრო მეტად მოგვაგონებს ნეტფლიქსის დრამას, ვიდრე ტრადიციულ დიპლომატიას.
ზელენსკის პრეზიდენტობის დასაწყისში პოლიტიკური ოპონენტები ტრამპს, უკრაინელი პრეზიდენტის მიმართ, არაკანონიერი წნეხის განხორციელებასა და შანტაჟში ადანაშაულებდნენ. ზელენსკი ყველა მეთოდით უარყოფდა ამერიკელი პრეზიდენტისგან მომავალი წნეხის არსებობას, ტრამპი კი, პრინციპული პოზიციისთვის, უკრაინელ კოლეგას აქებდა, თუმცა სავარაუდოა, რომ მას არ დავიწყებია, რით დასრულდა მისი პირველი სატელეფონო საუბარი უკრაინელ კოლეგასთან.
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ტრამპი ზელენსკის "მსოფლიოში საუკეთესო გამყიდველს" უწოდებდა, რომელმაც ბაიდენის ადმინისტრაცია დაარწმუნა "აუნაზღაურებლად" დახმარებოდა უკრაინას.
2 კვირის წინ, ტრამპმა ზელენსკის 4%-იანი მხარდაჭერის დიქტატორი უწოდა და ომის დაწყებაში უკრაინა დაადანაშაულა.
საპასუხოდ, ზელენსკიმ ტრამპის გარემოცვისთვის სრულიად "წარმოუდგენელი" რამ ქნა და ეჭვის ქვეშ დააყენა რიცხვები, რომლითაც პრეზიდენტი ოპერირებდა და თქვა, რომ ტრამპი შესაძლოა "რუსეთის დეზინფორმაციულ ბუშტში ცხოვრობდეს".
მიზეზი კი, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის საგანგებო წესით წარდგენილი და, რბილად რომ ვთქვათ, იშვიათი მინერალების მოპოვების შესახებ არათანაბარი შეთანხმება იყო.
ამ დაძაბულობის მიუხედავად, ტრამპსა და ზელენსკის შორის შესაძლოა უფრო მეტი მსგავსება იყოს, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. ორივე ატიპიური, შეიძლება ითქვას პოპულისტური რიგის პოლიტიკოსია, რომლებიც პრეზიდენტობამდე პოპულარულები გახდნენ თავიანთი შოუებით, ორივე მათგანი სწრაფი და მტკიცე რეფორმების მომხრეა.
პრეზიდენტები ხვდებიან შეთანხმების ხელმოსაწერად, რომელიც შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის ურთიერთობის ახალი თავის დაწყების საფუძველი გახდეს. სულ ცოტა, სავარაუდოა, რომ შეხვედრის შედეგად მხარეებს შორის დაძაბულობა შემცირდება და დაბრუნდება ნორმალურობის განცდა.
საყურადღებოა, რომ ბოლო დღეებში ტრამპის შემტევი ტონი ზელენსკის მიმართ შესამჩნევად შერბილდა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ტრამპმა აღიარა, რომ უკრაინელ პრეზიდენტთან მისი ურთიერთობები ბოლო კვირებში დაიძაბა და შესაძლოა გამაღიზიანებელიც კი გახდა, მაგრამ აღარ უწოდებია დიქტატორი.
"ეს მე ვთქვი? არ მჯერა, რომ ეს ვთქვი", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა პასუხად ჟურნალისტის კითხვაზე - კვლავ მიიჩნევს თუ არა ზელენსკის დიქტატორად.
უკვე შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ პატივს სცემს ზელენსკის - "ვფიქრობ ჩვენ ხვალ ძალიან კარგი შეხვედრა გვექნება, ძალიან კარგი. ჩვენ ერთმანეთს კარგად გავუგებთ. ჩვენ ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ. მე მას (რედ. ზელენსკის) დიდ პატივს ვცემ. ჩვენ მათ ძალიან ბევრი შეიარაღება და ფული მივეცით, მაგრამ ისინი ძალიან მამაცად იბრძვიან, არა აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობთ ამ საკითხზე, მათ ძალიან მამაცად იბრძოლეს".
ამასთანავე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის მწირმიწების (იშვიათი მინერალების) მოახლოებული შეთანხმება დიდი შესაძლებლობა იქნება უკრაინისთვის, მათ შორის, ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების კონტექსტში.
პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ აუცილებელია "ხანგრძლივი მშვიდობის" უზრუნველყოფა და ის მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგებას.
ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ შეთანხმებისთვის დიდი დრო არ არის დარჩენილი - "შეთანხმება ან ძალიან მალე შედგება, ან საერთოდ არ შედგება".
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ბედი ელის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ტრამპმა განაცხადა, რომ ეს რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
"ისინი უკვე დიდი ხანია მამაცად იბრძვიან და ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ და ჩვენ შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი დავიბრუნოთ, მაგრამ თქვენ იცით, რომ ეს არ იქნება მარტივი" - განაცხადა ტრამპმა.
ამასთანავე, ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის გაწევრიანება ნატოში პრაქტიკულად გამორიცხულია.
ზელენსკის მიმართ ტონის შერბილების პარალელურად, განსხვავებული ტონით ისაუბრა ტრამპმა ვლადიმირ პუტინზე. ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა ვლადიმირ პუტინის სიტყვას - დონალდ ტრამპმა რონალდ რეიგანის მიერ პოპულარიზებული რუსული გამოთქმის თარგმანი გამოიყენა - доверять, но проверять.
"ნდობა, მაგრამ გადამოწმება - მოდი ასე დავარქვათ ჩემს დამოკიდებულებას. იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადაამოწმო, არასდროს იცი რა მოხდება. მე ვიცი ბევრი ადამიანი, რომელზეც იფიქრებდი, რომ არავითარ შემთხვევაში მოგატყუებენ, მაგრამ ისინი ყველაზე უარესი ადამიანები შეიძლება აღმოჩნდნენ" - განაცხადა ტრამპმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერთან შეხვედრის დროს.
ამ ფრაზას ხშირად იყენებდა რონალდ რეიგანი, რომლითაც 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირთან მიმდინარე ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებზე ატმოსფეროს აღწერდა.
ვითარების განმუხტვაზე მეტყველებს მწირმიწების შესახებ შეცვლილი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ მისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე დათმობა მიიღო:
ფინანსური ვალდებულებების არ აღიარება - ეს უკრაინელი პრეზიდენტისთვის პრინციპული საკითხი იყო, რადგანაც ის ამბობდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების მიხედვით მიღებული თანხები და შეიარაღება იყო დახმარება და არა ვალი. ახალ ვერსიაში, არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ უკრაინამ ამერიკას უნდა დაუბრუნოს მილიარდები; მით უფრო 500 მილიარდ დოლარზე, რომელიც ტრამპის თქმით უკრაინას მართებდა;
უსაფრთხოების გარანტიები - ასევე პრინციპული მნიშვნელობის საკითხი - ზელენსკი ამბობდა, რომ არ მოაწერდა ხელს შეთანხმებას, რომელშიც არ იქნებოდა მოცემული უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. საბოლოო ვერსიაში ნათქვამია, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს უკრაინის სწრაფვას ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა, არაფერია ნათქვამი კონკრეტულ მექანიზმებსა და აშშ-ს ვალდებულებებზე;
სპეციალური საინვესტიციო ფონდი - შეიქმნება რეკონსტრუქციის სპეციალური ფონდი, რომლის თანხებიც ექსკლუზიურად უკრაინაში უნდა ინვესტირდეს;
შემოსავლების განაწილება - აშშ-ის მომავალი დახმარება სწორედ ამ ფონდიდან წამოვა. ამასთანავე, უკრაინამ უნდა უზრუნველყოს ფონდის შემოსავლების 50%, რომელსაც იშვიათი მინერალებისა და სხვა სასარგებლო წიაღისეულის მომავალი პროექტებიდან მიიღებს. შეთანხმება არ შეეხება უკვე მიმდინარე პროექტებს;
რეტროსპექტიული პრეტენზიების არქონა - ამ სექტორებიდან უკვე არსებული შემოსავლებს შეთანხმება არ შეეხება;
ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობა - შეთანხმების ბოლო ვერსია სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის წესებთან, ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც ქვეყანა ომის დასრულების შემდეგ ბლოკში გაერთიანებას გეგმავს.