ტრამპის ყველა გზა სპარსეთი ყურეში ჩადის - პრეზიდენტმა ტრილიონიანი ტურნე დაიწყო

დიპლომატიიდან პერსონალურ საკითხებამდე, მძევლების გათავისუფლებიდან საინვესტიციო შეთანხმებებამდე, ამ ყველაფერში სპარსეთის ყურის მონარქიები დონალდ ტრამპის პირველი რიგის პრიორიტეტული პარტნიორები არიან.
13 მაისს, ამერიკელმა პრეზიდენტმა გრძელი ახლო აღმოსავლური ვიზიტების სერია, საუდის არაბეთიდან დაიწყო - დონალდ ტრამპის სპარსეთის ყურის ქვეყნებში დაგროვილი კაპიტალი, მომგებიანი ეკონომიკური გარიგებები და რეგიონის მზარდი გავლენა იზიდავს.
Break It Down: ტრამპის სულ ცოტა 10 წინამორბედი თავის პირველ საერთაშორისო ვიზიტს მოკავშირე დემოკრატიებში ახორციელებდნენ: კანადა, გაერთიანებული სამეფო, მექსიკა, ნატოს შტაბ-ბინა ბრიუსელში და ა.შ.
- თავისი კადენციის პირველ საერთაშორისო ვიზიტის მისამართად ტრამპმა საუდის არაბეთი ორჯერ აირჩია: პირველად 2017 წელს, პირველი ვადის მსგავსად ამჯერადაც პირველი ვიზიტი ერ-რიადში იგეგმებოდა, თუმცა გეგმები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებამ შეცვალა.
- ტურნეს ფარგლებში ამერიკელი პრეზიდენტი ეწვევა კატარს და გაერთიანებულ საამიროებს - სამივე შემთხვევაში მთავარი თემა ინვესტიციები, შეიარაღებისა და სამოქალაქო დანიშნულების თვითმფრინავების გაყიდვა იქნება.
Zoom In: მზარდია დონალდ ტრამპის პერსონალური ბიზნეს ინტერესებიც რეგიონში - ტრამპის კორპორაციას სამივე სახელმწიფოში აქვს მიმდინარე საინვესტიციო პროექტები.
- ცოტა ხნის წინ ტრამპის კუთვნილ გოლფის მოედნებზე საუდის არაბეთის მიერ დაფინანსებულ პრესტიჟულ ტურნირს (LIV Golf Tour) უმასპინძლეს.
- სამეფოს სუვერენული ფონდისგან 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა პრეზიდენტის სიძის, ჯარედ კუშნერის კომპანიამ.
- გასუკ კვირებში ტრამპის კორპორაციამ დუბაისა და დოჰაში ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყების შესახებ გამოაცხადა.
Behind the Scenes: ამერიკულ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, გასულ თვეებში საუდის არაბეთის, კატარისა და გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლების გავლენა და შესაძლებლობები ვაშინგტონში შესამჩნევად გაიზარდა.
- ყურის მონარქიების გაზრდილ გავლენას ადასტურებს, რომ გასულ კვირებში დონალდ ტრამპმა კერძო სადილზე მიიღო კატარის პრემიერ-მინისტრი და საამიროების პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ყოფილან სახელმწიფოს მეთაურები, როგორც ამას დამკვიდრებული პროტოკოლი ითვალისწინებს.
- პრეზიდენტზე კატარის მზარდი გავლენა უკვე აწუხებ პრო-ისრაელურად განწყობილ რესპუბლიკელებს, რომლებიც სამეფოს ჰამასის დაფინანსებასა და ისლამური ფუნდამენტალიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ - ბრალდებებს კატარში კატეგორიულად უარყოფენ.
Big Picture: საინვესტიციო შეთანხმებების გარდა ყურის მონარქიებს ტრამპისთვის მზარდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვთ. ასე მაგალითად სწორედ ერ-რიადი შეარჩია დონალდ ტრამპმა რუსეთთან მოლაპარაკებების ადგილად და მთავარ შუამავლად.
- გასულ კვირებში ამერიკელი პრეზიდენტი მიანიშნებდა, რომ საუდის არაბეთში შესაძლოა ვლადიმირ პუტინსაც შეხვედროდა.
- მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა სავარაუდოდ აღარ შედგება, საუდის არაბეთი ახლო კომუნიკაციაში როგორც მოსკოვთან, ასევე კიევთან და მოსალოდნელია, რომ ნებისმიერ პოტენციურ შეთანხმებაში გარკვეულ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
- სახელმწიფოსთვის, რომელიც დიდი ხანია რეგიონში დიდი გავლენით სარგებლობს საერთაშორისო საქმეებში ასეთი მზარდი გავლენა ახალი ახალი მოვლენაა.
შუამავლობის გაცილებით უფრო დიდი გამოცდილება აქვთ, გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს. წარსულში დოჰა მონაწილეობდა ავღანეთში, ვენესუელასა და ღაზაში დატყვევებული ამერიკელების გათავისუფლებაში. სულ ბოლოს კატარის მედიაციით, ჰამასმა 584-დღიანი ტყვეობის შემდეგ, ამერიკელი ედან ალექსანდერი გაათავისუფლა.
- გასულ აპრილში საამიროები მონაწილეობდნენ რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი ბალერინის, ქსენია კარელინას გათავისუფლებაში, ასევე 2022 წელს რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრაინერის გაცვლაში. საამიროები, ასევე მონაწილეობენ ღაზას მომავლის შესახებ მიმდინარე დისკუსიებში.
Between The Lines: განხილვის თემა გახდა კატარის სამეფო ოჯახის ამერიკელი პრეზიდენტისთვის ახალი Boeing 747-8 ჩუქების გეგმაც, რომელმაც შესაძლოა გარკვეული დროით ამერიკის საპრეზიდენტო ბორტი ჩაანაცვლოს.
- სპარსეთის ყურის მონარქებისთვის ტრამპი მეტად მოსახერხებელი პარტნიორია, ვიდრე მისი წინამორბედები: ტრამპი ნაკლებ შეზღუდვებს აწასებს და ამარაგებს კონგრესის პოზიციისგან დაცულ მხარდაჭერას.
The Intrigue: ირანთან მიმდინარე ბირთვულ მოლაპარაკებებშ შუამავლობა ტრამპმა სწორედ საამიროებს სთხოვა, თუმცა თეირანის რეაქციით გასაგები გახდა, რომ მათ ომანის შუამავლობა ერჩივნათ.
- ომანი ასევე მთავარი მედიატორია ჰუსიტებთან ცოტა ხნის წინ დაწყებულ მოლაპარაკებებში ზავის შესახებ.
- კატართან და ყურის სხვა მონარქიებთან დაახლოება ისრაელის მინიმალური ჩართულობის ფონზე მიმდინარეობს, რაც ცხადია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბიბი ნეთანიაჰუს უკმაყოფილებას იწვევს და ეს უკმაყოფილება ხშირად საჯარო სივრცეშიც აღწევს.
Context: დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან 1 ტრილიონი დოლარის საინვესტიციო შეთანხმებებით დაბრუნდება. თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ, საუდის არაბეთის კრონ-პრინცმა, მოჰამად ბინ-სალმანმა უკვე საჯაროდ გამოაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სამეფო ამერიკულ ეკონომიკაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებს.
- სავარაუდოა, რომ ვიზიტის ფარგლებში საუდის არაბეთი გააფორმებს 100 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებებს შეიარაღების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიებთან.
- 200-300 მილიარდი დოლარის საინვესტიციო შეთანხმებებს ელოდებიან ვაშინგტონში კატარისგანაც, მათ შორის საუბარია მრავალმილიარდიან შეთანხმებას ამერიკული წარმოების თვითმფრინავების შესახებ. ცალკე გაფორმდება 2 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმება ამერიკული წარმოების MQ-9 ტიპის დრონების შესყიდვის შესახებ.
- რაც შეეხება გაერთიანებულ საამიროებს, მონარქიამ ჯერ კიდევ მარტში გამოაცხადა, რომ მომდენო 10 წლის განმავლობაში ამერიკულ ეკონომიკაში 1.4 ტრილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
- მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის არაბულ ინვესტიციების მოძიება იქნება, ამას ადასტურებს ისიც, რომ საუდის არაბეთში იმყოფება OPEN AI-ის მფლობელი, სამ ალტმანიც.
- შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს NVIDIA-ს ხელმძღვანელი, ჯენსენ ჰუანგიც.
ადგილობრივი მედიების ცნობით, ინვესტიციების სანაცვლოდ მონარქიები ამერიკული ადმინისტრაციისგან მოწინავე კომპიუტერულ ჩიპებზე წვდომაზე დაწესებული ლიმიტების მოხსნას.
- დონალდ ტრამპმა გასულ თვეებში არაერთხელ განაცხდა, რომ საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია სურს, თუმცა ღაზაში ისრაელის არმიის განგრძობადი სამხედრო ოპერაციის ფონზე შეთანხმება ნაკლებად მოსალოდნელია.