ტრამპმა უკრაინის დახმარების გეგმა გაამხილა და რუსეთზე მნიშვნელოვანი განცხადება დააანონსა

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ამერიკულ შეიარაღებას ნატოს გავლით მიიღებს, მისი თქმით, ამგვარი სქემაში შეიარაღების სრულ ღირებულებას ალიანსი დაფარავს.
State Of Play: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა - ამავე გამოსვლაში ამერიკელმა პრეზიდენტმა 14 ივლისს რუსეთის შესახებ "მნიშვნელოვანი განცხადება" დააანონსა.
- "ჩვენ ვუგზავნით შეიარაღებას ნატოს და ნატო იხდის შეიარაღების საფასურს 100%-ით. ამგვარად ჩვენგან გაგზავნილი შეიარაღება ჯერ ნატოში მოხვდება და შემდეგ უკრაინაში"- ამბობს ამერიკელი პრეზიდენტი.
- გამოცემა Axios ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი სქემის ფარგლებში ამერიკა შეიარაღებას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრებს მიჰყიდის, რომლებიც შემდგომ ამავე შეიარაღებას უკრაინას გადასცემენ.
- დონალდ ტრამპის თქმით, ამგვარ სქემაზე მოკავშირეები ივნისში ჰააგაში გამართულ ნატოს სამიტზე შეთანხმდნენ - იმავე Axios-ის ცნობით, ახალი სქემის ფარგლებში უკრაინამ შესაძლოა მიიღოს არამხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემები, არამედ შეტევისთვის განკუთვნილი შეიარაღებაც.
Big Picture: ამავე ინტერვიუში ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია რუსეთის მოქმედებებით - "ვფიქრობ, ორშაბათს რუსეთის შესახებ მნიშვნელოვან განცხადებას გავავრცელებ"- ამბობს ტრამპი.
- ახალ სქემაზე გასულ კვირებში მიანიშნებდნენ როგორც უკრაინელი, ასევე ევროპელი ლიდერებიც - ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ ნორვეგია და გერმანია მზად არიან უკრაინისთვის შტატებისთვის PATRIOT-ის ტიპის 2 სისტემა შეიძინონ. მზაობა რომში გამართულ სამიტზე დაადასტურა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
- კუალა-ლუმპურში სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის შეიარაღების სქემაში ევროპელი პარტნიორების ჩართულობის სურვილზე ისაუბრა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომაც - "კარგი იქნებოდა, თუ ის ქვეყნები, რომლებმაც PATRIOT-ები შეუკვეთეს დათანხმდებოდნენ დანადგარების უკრაინაში გაგზავნას."
- ამავე გამოსვლაში რუბიომ განაცხადა, რომ ლავროვისგან კონფლიქტის დარეგულირების შესახებ "ახალი იდეები მოისმინა, რომელსაც პრეზიდენტთან განიხილავს."
Сontext: Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უახლოეს დღეებში ტრამპი პირველად გამოიყენებს საპრეზიდენტო ძალაუფლებას უკრაინისთვის შეიარაღების ახალი პაკეტის გადასაცემად - აქამდე უკრაინა მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დამტკიცებულ შეიარაღებას იღებდა.
- წყაროების ცნობით, ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინამ შესაძლოა 300 მილიონი დოლარის შეიარაღება მიიღოს, როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევისთვის განკუთვნილი.
- "როგორც ჩანს პრეზიდენტმა ტრამპმა გაიაზრა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა შეუძლებელია"- წერს СNN.
- "პუტინმა მძიმე შეცდომა დაუშვა, როდესაც არაერთხელ უარყო ტრამპის სამშვიდობო წინადადებები, რამაც პოტენციური მოკავშირიდან რუსეთის სკეპტიკოსად გარდაქმნა"- წერს New York Times.