ტრამპმა ზელენსკი მის წინააღმდეგ "პატარა ბინძურ თავდასხმებში" დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკი მის წინააღმდეგ "ბინძურ თავდასხმებში" დაადანაშაულა.

ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინაში, კამპანიის შეხვედრის დროს განაცხადა.

ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას მიუძღვნა, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა.

"უკრაინის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაშია. ის პატარა ბინძურ თავდასხმებს ახორციელებს თქვენს საყვარელ პრეზიდენტზე, ჩემზე," - თქვა ტრამპმა და არ დააკონკრეტა რას გულისხმობდა.

მან ჯო ბაიდენი და მისი ოპონენტი კამალა ჰარისი ზელენსკისთვის მილიარდობით დოლარის მიცემაში დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ ის "უარს ამბობს შეთანხმებაზე."

"და ჩვენ ვაგრძელებთ მილიარდობით დოლარის მიცემას იმ ადამიანისთვის, რომელიც უარს ამბობს შეთანხმებაზე - ზელენსკისთვის," - თქვა ტრამპმა.

შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს პრეზიდენტი ზელენსკი გეგმავდა ტრამპისთვის თავისი "გამარჯვების გეგმის" წარდგენას. თუმცა, მედიის ცნობით, ექს-პრეზიდენტი მასთან შეხვედრას არ აპირებს.

დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ზელენსკის სურს 2024 წლის არჩევნებში დემოკრატებმა გაიმარჯვონ.

შაბათ-კვირას ზელენსკი პენსილვანიის გუბერნატორ ჯოშ შაპიროსთან ერთად ეწვია შტატში მდებარე საარტილერიო ჭურვების ქარხანას, რამაც ტრამპის ზოგიერთი მხარდამჭერის გაღიზიანება გამოიწვია, რადგან ვიზიტი საარჩევნო კამპანიის დროს შედგა.

პენსილვანიაში პოლონური და უკრაინული წარმოშობის მოქალაქეების დიდი დიასპორა ცხოვრობს და მათი ხმა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ არჩევნებზე.

ზელენსკი გეგმავს, რომ ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონში აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს კამალა ჰარისს შეხვდეს.

მსგავსი სიახლეები