ციმერმანი: გერმანიამ უკრაინას ტანკები დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს

გერმანიამ კიევს ქვეითთა საბრძოლო მანქანები Marder და ტანკები Leopard 2 დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს. ამის შესახებ ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანმა განაცხადა.
მან გერმანიის მთავრობას მოუწოდა წვლილი შეიტანოს უკრაინის წარმატებაში.
"ახლა გაურკვევლობისა და ყოყმანის დრო არ არის", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, უკრაინის არმიის წინსვლა და პირველი დაბრუნებული ტერიტორიები "მეტყველებს უკრაინის საბრძოლო ძალაზე და ოკუპირებული ქვეყნის დაბრუნების უპირობო ნებაზე".
ციმერმანი გერმანიის სამთავრობო კოალიციის ერთ-ერთი პარტიის, თავისუფალი დემოკრატების (FDP) წევრია.
9 სექტემბერს ბუნდესტაგში გერმანელი ქრისტიან-დემოკრატების (CDU) ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა ხელისუფლებას უკრაინისთვის 100 ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნისკენ მოუწოდა.
"თუ რუსეთი გააჩუმებს იარაღს, ომი დასრულდება. თუ იარაღს უკრაინა დაყრის, ამ ქვეყნის სუვერენიტეტი დასრულდება", - თქვა მერცმა.