წყარო: პუტინის ბრძანებით ФСБ-ს მაღალჩინოსნები შინაპატიმრობაში გადაიყვანეს
რუსი მკვლევარი და ჟურნალისტი ანდრეი სოლდატოვი წერს, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მეხუთე განყოფილების უფროსი სერგეი ბესედა და მისი მოადგილე ანატოლი ბოლუხი შინაპატიმრობაში იმყოფებიან.
ინფორმაციას სოლდატოვი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ФСБ-ს მაღალჩინოსნებს იმ სახსრების მითვისებაში ადანაშაულებენ, რომელიც უკრაინაში ჯაშუშურ და დივერსიულ საქმიანობას უნდა მოხმარებოდა.
დასავლური სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი უკრაინის სტრატეგიულ პუნქტებში დივერსანტების ჩანერგვას და მასობრივი არეულობის ორგანიზებას ცდილობდა.
ФСБ-ს გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი ბესედას სახელი უკრაინაში ევრომაიდნის გამოსვლების დარბევასთანაა დაკავშირებული.
2014 წელს ბესედას ევროკავშირმა და ამერიკამ პერსონალური სანქციები დაუწესეს.
აშშ-ს ხაზინის განცხადებით, ბესედა ყირიმის ანექსიის და დონბასში კონფლიქტის გაჩაღებაში მონაწილეობდა.
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მეხუთე განყოფილება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს კურირებს.