თურქეთი მხარეებს "მარცვლეულის შეთანხმების" ერთი წლით გაგრძელებას შესთავაზებს
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ თურქეთი აპირებს მხარეებს "მარცვლეულის შეთანხმების" კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზოს.
ამის შესახებ ინფორმაციას 7 ნოემბერს თურქული გამოცემა Hürriyet ავრცელებს.
"ჩვენ ცალკე განვიხილეთ კონფლიქტი და ჰუმანიტარული პირობები. უკრაინამ რუსეთს, თურქეთის გავლით, წერილობითი გარანტია მისცა. ჩვენ მათ შევთავაზებთ ხელშეკრულების, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას", - განაცხადა მინისტრმა.
Hürriyet არ აკონკრეტებს, რა გარანტიაზეა საუბარი, რომელიც, მინისტრის თქმით, უკრაინამ თითქოს რუსეთს მისცა.
1 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, "მარცვლეულის დერეფნის" სამხედრო მიზნებისთვის არგამოყენების შესახებ, უკრაინისგან გარანტიები მიიღო. კრემლი ამ გარანტიის მიღებას მოითხოვდა, რათა შეთანხმებაში დარჩენილიყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკო განაცხადა, რომ უკრაინა არ გეგმავს "მარცვლეულის დერეფნის" სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას და შეთანხმების პირობებს მკაცრად იცავს.
"უკრაინის სახელმწიფოს "მარცვლეულის შეთანხმებაში" არ აუღია რაიმე ახალი ვალდებულება, რომელიც სცილდება უკვე არსებულს", – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.