პრო-ქურთული პარტიიდან თურქეთის ქალაქ ვანის მერი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გადააყენეს
თურქეთში, ვანის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში გამარჯვების მეორე დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გადააყენეს და ქალაქის მერი მეორე ადგილზე გასული ერდოღანის პარტიის კანდიდატი გახდა.
ამის შესახებ BBC წერს.
აღმოსავლეთ თურქეთში, ვანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ არჩევნებში პრო-ქურთული პარტია DEM-ის კანდიდატმა აბდულა ზეიდანმა ხმების 55.5%-ით გაიმარჯვა. მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" კანდიდატმა 27.2% მიიღო.
თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ზეიდანი არჩევნებიდან მოხსნეს, მას კენჭისყრის უფლება ჩამოერთვა და გამარჯვებულად ერდოღანის პარტიის კანდიდატი აბდულაჰათ არვასი აღიარეს.
DEM-ის საბჭომ გამოაცხადა, რომ არჩევნებამდე 2 დღით ადრე, პარასკევს, სამუშაო დღის ბოლოს, თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ გაგზავნა წერილი, რომელშიც ეჭვქვეშ აყენებდა ზეიდანის კენჭისყრის უფლებას და სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ის არ შეიძლებოდა ყოფილიყო კანდიდატი.
უცნობია კონკრეტულად რომელ დღეს მიიღეს ზეიდანისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება.
DEM აღნიშნავს, რომ ზეიდანმა 2022 წლიდან მიიღო საჭირო უფლება და გაიარა შემოწმება.
პარტიამ განაცხადა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და თავის მხარდამჭერებს რეგიონულ ოფისთან საპროტესტო აქციისკენ მოუწოდა. აქციის დროს მოხდა შეტაკებები და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
თურქეთის ხელისუფლება 2015 წელს სამშვიდობო პროცესის ჩაშლის შემდეგ, კამპანიას აწარმოებს პრო-ქურთული პოლიტიკური მოძრაობის წინააღმდეგ და ქურთ პოლიტიკოსებს სეპარატისტ ტერორისტებთან კავშირში ადანაშაულებს.
კონტექსტი
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადგილობრივ არჩევნებში ბოლო ათწლეულებში ყველაზე მძიმე ელექტორალური მარცხი განიცადა.
პირველ ადგილზე ოპოზიციური "სახალხო რესპუბლიკური პარტია" (CHP) გავიდა ხმათა 38%-ით, მეორეზე კი ერდოღანის "სამართლიანობისა და განვითარების პარტია" - 35%.
ერდოღანის პარტია დამარცხდა ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქებში - სტამბოლში, ანკარაში, ბურსაში, იზმირსა და ანტალიაში.
თურქეთის პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხება აღიარა.
"ჩვენ ისევე დავემორჩილებით ხალხის ნებას, როგორც ამას წარსულში ვაკეთებდით. ხალხმა საბოლოო სიტყვა თქვა. ვიმუშავებთ არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან და საკუთარ თავს თვითონ გავაკრიტიკებთ. ჩვენ გვქონდა წარუმატებლობები. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არჩევნები არ გვექნება. ჩვენ აღვადგენთ მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებს და აღვადგენთ ეკონომიკას." - აღნიშნა ერდოღანმა.