თურქეთის თავდაცვის მინისტრი: "მარცვლეულის შეთანხმება" 18 მარტიდან გაგრძელდება

შავი ზღვის გავლით სურსათის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 მარტს ეწურება, ამ დღიდან გაგრძელდება. ამის შესახებ, Anadolu-ს ცნობით, 12 მარტს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებთან კონტაქტებიდან გაირკვა, რომ ორივე მხარე მზადაა ამისთვის.

"რუსულ და უკრაინულ მხარეებთან მოლაპარაკებების დროს დავინახეთ, რომ ორივე მხარე დადებითად უყურებს ამას. ჩვენ გვჯერა, რომ [პროცესი] დადებითად დასრულდება. ჩვენი აზრით, ვადა 18 მარტს გაგრძელდება", - განაცხადა აკარმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ "მარცვლეულის შეთანხმების" შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 13 მარტს ჟენევაში გაიმართება. რუსეთის დელეგაცია გაეროს ვაჭრობის მდივანს რებეკა გრინსპენს და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსს შეხვდება.

8 მარტს, კიევში ვიზიტის დროს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ "უაღრესად მნიშვნელოვანია შავი ზღვის შეთანხმების გახანგრძლივება და მუშაობა შავი ზღვის ინფრასტრუქტურის გამოყენებისათვის მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად."

შეთანხმება, რომლითაც შესაძლებელი გახდა უკრაინის პორტებიდან სურსათის ექსპორტის განბლოკვა, ბოლოს 2022 წლის ნოემბერში 120 დღით გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები