თურქეთს სურს "მარცვლეულის შეთანხმება" კიდევ სამი თვით გაგრძელდეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ მის ქვეყანას სურს "მარცვლეულის ინიციატივა" სამი თვით გაახანგრძლივოს.

ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 17 ივლისს ეწურება. მარცვლეულის დერეფნით 11 თვის განმავლობაში უკრაინელმა ფერმერებმა მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტი შეძლეს, რამაც მთელ მსოფლიოში სასურსათო კრიზისის დაძლევას ხელი შეუწყო.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ერდოღანმა თქვა, რომ იმედოვნებს, მარცვლეულის შეთანხმება კიდევ სამი თვით გახანგრძლივდება.

მაგრამ რუსეთმა შეთანხმების კრიტიკა გააძლიერა და აცხადებს, რომ პაქტი არ უზრუნველყოფდა საკმარის საკვებს ღარიბი აფრიკული ქვეყნებისთვის. მოსკოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ვერ ხედავს შეთანხმების "შემდგომი გაგრძელების მიზეზს."

თურქეთი თავდაპირველი შეთანხმების შუამავალი გაეროსთან ერთად იყო. მისმა შეწყვეტამ შეიძლება სურსათზე მსოფლიო ფასები გაზარდოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ შეუძლებლად მიაჩნია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება, რომელიც გასულ ზაფხულს დაიდო.

მსგავსი სიახლეები