თურქული ოპოზიცია შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს
თურქეთის ოპოზიცია, 14 მაისის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პირობას დებს, რომ დააჩქარებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანების განაცხადის განხილვას, რასაც ხელს უშლის თურქეთის მოქმედი ხელისუფლება.
ამის შესახებ თურქეთის ოპოზიციის გაერთიანებული საპრეზიდენტო კანდიდატის, ქემალ ქირიჩდაროღლუს მრჩეველმა უნალ ჩევიკიოზმა "შვედეთის რადიოსთან" ინტერვიუში განაცხადა.
ჩევიკიოზმა აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, თურქეთის ახალი მთავრობა ეცდება, ნატოში გაწევრიანებაზე შვედეთის განაცხადის რატიფიცირება ვილნიუსის სამიტამდე, ივლისში მოახდინოს.
"ფრთხილად უნდა ვიყო. ეს ასევე დროის საკითხია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა პროცესის ვილნიუსის ნატოს სამიტამდე დასრულებას შევძლებთ, რადგან ახალ მთავრობას აქვს ასეთი განზრახვა", - თქვა მან.
ამავდროულად, ქირიჩდაროღლუს მრჩეველმა განაცხადა, რომ რატიფიცირება დამოკიდებული იქნება იმაზე, ოპოზიცია პირველ ტურში გაიმარჯვებს თუ მეორეში, რადგან საპარლამენტო კომიტეტებისა და მთავრობის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება.
თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია
შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მალევე გამოთქვეს.
ქვეყნების ალიანსში გასაწევრიანებლად, საჭიროა მისი ყველა წევრის თანხმობა. თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ქვეყანას ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK) დაკავშირებული ათეულობით პირის შეფარებაში ადანაშაულებს.
PKK-ს თურქეთის გარდა, შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.
აპრილის დასაწყისში ფინეთი ნატოს ოფიციალურად შეუერთდა. მოლაპარაკებები შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ კი ჯერ კიდევ გრძელდება.