უახლოეს მომავალში კიევს ანალენა ბერბოკი ეწვევა - შოლცი
გერმანიის კანცლერის თქმით, უახლოეს მომავალში კიევს საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ეწვევა.
ვიზიტის შესახებ შეთანხმება სავარაუდოდ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გერმანელ კოლეგას შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ფარგლებში შედგა.
ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel ავრცელებს. გამოცემის ცნობით ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანალენა ბერბოკი გერმანიის ფედერალური მთავრობის წევრის პირველი წევრი იქნება, რომელიც უკრაინას ომის დაწყების შემდეგ ეწვევა. ამ დრომდე უკრაინას უკვე ეწვია საპარლამენტო უმცირესობის და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი.
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.
გერმანიის პრეზიდენტის პრესსპიკერის თანახმად, საუბარში, რომელიც დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა, ორმა პრეზიდენტმა "წარსულის უსიამოვნებები მოაგვარა".
შედეგად კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და "ყველა სხვა გერმანელი სახელმწიფო ლიდერი კიევში მიიწვია".
მიუხედავად ამისა, უცნობია, გეგმავენ თუ არა შტაინმაიერი და შოლცი კიევში ჩასვლას.
როგორც გერმანული პრესა იუწყება, ქვეყნის პრეზიდენტისა და კანცლერის პარტიაში (სოციალ-დემოკრატები) იმედი აქვთ, რომ ოლაფ შოლცი კიევს მალე ეწვევა. საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა, შოლცი უკრაინისკენ მაკრონთან ერთად გაეშუროს, რომელიც ორშაბათს ბერლინში უნდა ჩავიდეს.
იქამდე ცნობილი ხდება, რომ კიევში ჩასვლას გეგმავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბერბელ ბაზი.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს კიევში ჩასვლა ჯერ კიდევ აპრილის პირველ ნახევარში სურდა, თუმცა მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანელ კოლეგას შეხვედრაზე უარი უთხრა.
კიევში ომის დაწყების შემდეგ არც კანცლერი ოლაფ შოლცი ყოფილა. რამდენიმე დღის წინ ოლაფ შოლცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ მისი კიევში არჩასვლის მიზეზი სწორედ შტაინმაიერის არმიწვევა იყო.