უიტკოფი: აშშ-ს დელეგაციამ ისრაელისა და ჰამასის მოლაპარაკებები დატოვა

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ტოვებს, რადგან მიაჩნია, რომ ჰამასი სერიოზულად არ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

State Of Play: უიტკოფმა, რომელიც ოთხშაბათს ევროპაში გაემგზავრა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად, აღნიშნა, რომ ტერორისტული დაჯგუფების ბოლო პასუხი დოჰაში გამართულ მოლაპარაკებებზე აჩვენებს, რომ მას არ სურს ომის შეწყვეტა.

  • "ჰამასი, როგორც ჩანს, არ არის კოორდინირებული და არ მოქმედებს კეთილსინდისიერად," – განაცხადა უიტკოფმა. "ჩვენ ახლა განვიხილავთ ალტერნატიულ ვარიანტებს მძევლების დასაბრუნებლად და ღაზას მოსახლეობისთვის უფრო სტაბილური გარემოს შესაქმნელად."
  • ღაზაში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, უიტკოფი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ცდილობდა. გაუგებარია, რა ვარიანტს გულისხმობს ის ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დასასრულებლად.
  • "სამწუხაროა, რომ ჰამასი ამ ეგოისტური გზით მოქმედებს," – განაცხადა უიტკოფმა. "ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი ამ კონფლიქტის დასრულებისა და ღაზაში მუდმივი მშვიდობის დამყარების საკითხზე."

Big Picture: მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უიტკოფმა ამ თვეში ოპტიმისტური ტონი შეინარჩუნეს ცეცხლის შეწყვეტის პროცესთან დაკავშირებით, დიპლომატები და ანალიტიკოსები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი იმის მიმართ, რომ მოლაპარაკებების პროცესი მალე დასრულდებოდა.

  • ზოგიერთი დიპლომატი ამბობს, რომ ჰამასი ნელა რეაგირებდა ახალ წინადადებებზე, რადგან ღაზაში მყოფ ლიდერებთან კომუნიკაცია უჭირდა.
  • არაპირდაპირი მოლაპარაკებები დოჰაში 6 ივლისიდან მიმდინარეობს. შეთანხმების პირობებით, ღაზადან გათავისუფლდებოდა 10 ცოცხალი მძევალი და 18 მოკლული მძევლის ცხედარი, სანაცვლოდ კი პალესტინელი უსაფრთხოების პატიმრების გარკვეული რაოდენობა გათავისუფლდებოდა 60-დღიანი ზავის განმავლობაში.
  • ჟურნალისტებთან საუბარში ისრაელელმა მაღალჩინოსანმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ისრაელის მომლაპარაკებელი გუნდის დაბრუნება მოლაპარაკებებში კრიზისს არ ნიშნავს. მისი თქმით, "არ ყოფილა აფეთქება, არც კოლაფსი."
  • ტერორისტული დაჯგუფების პასუხი, რომელიც შუამავლებმა ხუთშაბათს დილით, 2:30 საათზე მიიღეს, "არ იძლევა პროგრესის საშუალებას ჰამასის პოზიციების შეცვლის გარეშე და შუამავალთან თუ ჩვენთან ამის გზების განხილვის გარეშე," – თქვა მან.
  • მისი ინფორმაციით, ჰამასს არ შეუთავაზებია არანაირი კომპრომისი ღაზას დემილიტარიზაციასთან ან ომის დასრულებასთან დაკავშირებით და არსებობს "სირთულეები" პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
  • მაღალჩინოსნის თქმით, მხარეებს არ განუხილავთ ომის დასრულების გარანტიები, რაც ჰამასის მთავარი მოთხოვნაა, ან შეთანხმების მიღწევის ტექნიკური დეტალები, თუმცა დასძინა: "ამას სწრაფად შევძლებთ."

Сontext: Axios-ის ინფორმაციით, ჰამასი დაჟინებით მოითხოვს, რომ ისრაელმა გაათავისუფლოს 200 პალესტინელი, რომლებიც სამუდამო პატიმრობაში არიან და 2 ათასი პალესტინელი, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ დააკავეს, 10 ცოცხალი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ ხუთშაბათს Axios-ს ოფიციალურმა წყარომ განუცხადა, რომელიც დეტალებს იცნობს.

  • მედიაციის მცდელობებში ჩართულმა ერთ-ერთმა წყარომ ეს ინფორმაცია The Times of Israel-საც დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ისრაელი უკმაყოფილო იყო ამ წინადადებით, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ეს რიცხვი მხოლოდ საწყისი შეთავაზება იყო და ტერორისტული დაჯგუფება მზად არის, შეამციროს მოთხოვნა გონივრულ რიცხვამდე.
  • წყაროს თქმით, ისრაელსა და ჰამასს შორის განსხვავებები არც ისე დიდია.
  • ომის დაწყების შემდეგ ღაზაში დაკავებული 2 ათასი პალესტინელის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, რომელთა გათავისუფლებასაც ჰამასი ასევე ითხოვს გაცვლის ფარგლებში, ბრალი ჯერ არც კი წაუყენებიათ. 
  • ისრაელი ადრე ღაზაში ორკილომეტრიან ბუფერულ ზონას მოითხოვდა, რასაც ჰამასმა ერთკილომეტრიანი ბუფერის შეთავაზებით უპასუხა. ამის შემდეგ ისრაელმა მოთხოვნა 1.2 კილომეტრამდე შეამცირა; წყარომ აღნიშნა, რომ ჰამასი აგრძელებს ერთკილომეტრიან მოთხოვნას და არ მიდის კომპრომისზე.
  • ღაზას სექტორში ტერორისტულ დაჯგუფებას 50 მძევალი ჰყავს. მათ შორის 49 არის იმ 251 ადამიანიდან, რომლებიც ჰამასმა 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში შეჭრისას გაიტაცა. 
  • მძევლებს შორის არის სულ მცირე 28 დაღუპულის ცხედარი, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, 20 მძევალი ცოცხალია, ხოლო ორის ჯანმრთელობაზე სერიოზული შეშფოთება არსებობს.  

მსგავსი სიახლეები