უკრაინა "ჩრდილოეთ ნაკადზე" გერმანიის და აშშ-ს შეთანხმებას აკრიტიკებს
ამერიკამ და გერმანიამ ოთხშაბათს Nord Stream 2-ზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც აშშ გაზსადენის აშენებაზე წინააღმდეგობის გაწევას ფაქტობრივად წყვეტს.
შეთანხმებაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა უკრაინას, რომელმაც ბრიუსელს და ბერლინს ფორმალური მოლაპარაკებების დაწყება მოსთხოვა, რასაც ევროკავშირ-უკრაინის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პოლონელ კოლეგასთან ერთად განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათი “შეშფოთების აღმოფხვრის ეს მცდელობა საკმარისი არ არის.”
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბაიდენის ეს გადაწყვეტილება “პოლიტიკურ, სამხედრო და ენერგეტიკულ საფრთხეს ქმნის უკრაინისა და ცენტრალური ევროპისთვის. ამავდროულად, ზრდის რუსეთის პოტენციალს ევროპის უსაფრთხოების სისტემის დესტაბილიზაციისთვის და აღრმავებს განსხვავებებს ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.”
ამერიკის შეერთებული შტატები Nord Stream 2-ს აშენებას წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, გაზსადენის 98% უკვე დასრულებულია.
ამერიკა-გერმანიის შეთანხმება შეიცავს დაპირებას, რომ იმ შემთხვევაში თუ გაზსადენს რუსეთი პოლიტიკური მიზნებით გამოიყენებს, გერმანია იმოქმდებს ეროვნულ დონეზე და მხარს დაუჭერს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
ოთხშაბათს უკრაინის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აშშ-ს, გერმანიასა და ევროკავშირს გაზსადენის მშენებლობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.