უკრაინა: ჩერნიგოვში ოკუპანტებმა ცოცხალ ფარად 350-ზე მეტი მძევალი გამოიყენეს
მარტში საოკუპაციო ჯარებმა ჩერნიგოვის რაიონის სოფელ იაგოდნოიეს მცხოვრებლები ცოცხალ ფარად გამოიყენეს. მათ ხალხი სკოლის სარდაფში ჩაკეტეს, სადაც საკუთარი შტაბი ჰქონდათ. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 22 მაისს განაცხადა.
დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ჩერნიგოვის საოლქო პროკურატურის პროკურორები, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურის ექსპერტებთან ერთად, სოფელში ჩავიდნენ რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაშაულების დასაფიქსირებლად.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 3 მარტიდან 31 მარტამდე, 197 მ² ფართობის ადგილობრივი სკოლის სარდაფში, ოკუპანტებს 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ჰყავდათ ჩაკეტილი.
"რეალურად, სარდაფში მყოფ ადამიანებს ცოცხალ ფარად იყენებდნენ, რადგან სკოლის შენობა 'ოკუპანტების შტაბი' იყო", - აღნიშნეს გენერალურ პროკურატურაში.
იქ იყვნენ მოხუცები, 77 ბავშვი, მათ შორის ხუთი ჩვილი. მძევლებიდან ყველაზე უმცროსი 1.5 თვის იყო, ყველაზე უფროსი - 93 წლის. სივრცის, სანიტარული პირობების, ჰაერის, საკვებისა და წყლის უქონლობის გამო ამ ხნის განმავლობაში იქ 10 მოხუცი დაიღუპა.
სამართალდამცავებმა ასევე გაარკვიეს, რომ რუსებმა იაგოდნოიეს შვიდი მცხოვრები დახვრიტეს.
დასახლებაში არსებული 180 სახლიდან 148 დაზიანდა, 16 სრულად განადგურდა. გარდა ამისა, თვითმხილველების თქმით, ოკუპაციის დროს რუსმა სამხედროებმა სოფლის მცხოვრებთა სახლები გაძარცვეს. წაიღეს სარეცხი მანქანები, ტელევიზორები, მიკროტალღური ღუმელები და ძვირფასი ნივთები.