უკრაინა: ხარკოვთან ირანული წარმოების დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც "მაღალი ალბათობით" ირანში იყო წარმოებული. ამის შესახებ ორშაბათს, 12 სექტემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისი Telegram-ზე აცხადებს.

მათი თქმით, საუბარია "შორი მოქმედების კამიკაძე უპილოტო საფრენ აპარატზე Shahed-136". ასეთი დრონი 24 თებერვლის შემდეგ პირველად განადგურდა.

სტრატკომის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში დრონზე ჩანს წარწერა "M214 Geranium-2". თუმცა, "დრონის ფრთის ელემენტების გარეგნობის ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავამტკიცოთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გაანადგურეს ირანული უპილოტო საფრენი აპარატი", - აცხადებს უკრაინული მხარე.

29 აგვისტოს The Washington Post-მა დაწერა, ირანმა რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია გაგზავნა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში უნდა გამოეყენებინათ.

საუბარი იყო მინიმუმ ორი ტიპის უპილოტო საფრენ აპარატზე, კერძოდ, Mohajer-6 და Shahed, რომლებიც შექმნილია სარადარო სისტემების, საარტილერიო დანადგარებისა და სხვა სამხედრო დანადგარების დასაბომბად. რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავები ირანიდან შესაბამისი ტვირთით ჯერ კიდევ 19 აგვისტოს აფრინდნენ, აღნიშნულია WP-ის სტატიაში.

მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ "ირანის მთავრობა ემზადება რუსეთს მიაწოდოს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის ისეთი უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც შეუძლიათ იარაღის გადატანა".

მსგავსი სიახლეები