უკრაინა: ხერსონის ხიდი დავბომბეთ, ჩვენი შეტევა სამხრეთში წინ მიიწევს

უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ ხერსონის მთავარ ხიდზე მორიგი შეტევა მიიტანეს, რის შედეგადაც, ხიდი რამდენიმე ადგილზე მნიშვნელოვნად დაზიანდა.

მომარაგების თვალსაზრისით, სამხრეთში განლაგებული რუსი ოკუპანტებისთვის, ანტონოვსკის ხიდს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა გააჩნია, რადგანაც ის არის მთავარი დამაკავშირებელი არტერია, რუსების მიერ ოკუპირებულ ხერსონსა და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს შორის. 

ნატალია ჰუმენიუკმა, სამხრეთის ოპერატიული სარდლობის სპიკერმა, უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ ხიდზე რამდენიმე დარტყმა განხორციელდა, საიდანაც ყველა ზუსტი იყო. 

"ჩვენს ძალებს სტრატეგიული ლოჯისტიკური და სატრანსპორტო გზები, რაც მტრისთვის უმნიშვნელოვანესია, ცეცხლის ქვეშ აქვთ მოქცეული. ჩვენ ინფრასტრუქტურას კი არ ვანადგურებთ, არამედ მტრის გეგმებს" - განაცხადა ჰუმენიუკმა

ანტონოვსკის ხიდის "მნიშვნელოვნად" დაზიანება დაადასტურა ხერსონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემაც, რომლის თქმითაც, აღდგენა დიდ დროს მოითხოვს, ხოლო "რუსები ხიდთან ახლოს არავის უშვებენ."

უკრაინული სამხედრო ძალების კონტრშეტევა სამხრეთის მიმართულებით კიდევ ერთი საკითხი იყო, რაზეც ნატალია ჰუმენიუკმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით მიდის, ხოლო რუსული არმია დემორალიზებულია. 

მან ორი სოფელი დაასახელა - ანდრიივკა და ლოზოვი, რომელიც ოკუპანტებისგან გათავისუფლდა და ახლა იქ, უკრაინული ძალები იმაგრებენ პოზიციებს. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები