უკრაინა: დონბასში მამაკაცების სავალდებულო მობილიზაცია მიმდინარეობს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ე. წ. „დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ - სეპარატისტებმა მამაკაცების სავალდებულო მობილიზაცია გამოაცხადეს.

დონეცკის ქალაქ ჰორლივკაში შეიარაღებული პირები სახლებს ჩხრეკენ და ბრძოლისუნარიან მამაკაცებს ეძებენ ოკუპანტების რიგებში გასაწვევად, აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება.

ოკუპირებული დონეცკის ლიდერების ამოცანას რეგიონის მასშტაბით 60-70 ათასი მამაკაცის მობილიზაცია წარმოადგენს, რაც ამჟამად 20 პროცენტითაა შესრულებული.

უკანასკნელი მონაცემებით, უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების მთავარი ფრონტი სწორედ დონბასის რეგიონზე გადის, სადაც შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება და მობილიზაცია მიმდინარეობს.

დასავლური სადაზვერვო წყაროები რუსების ცოცხალი ძალის დანაკლისზე საუბრობენ, რომლის შევსებასაც კრემლი დაქირავებული მებრძოლებით ცდილობს.

მსგავსი სიახლეები