უკრაინა რუსეთის მიერ დონბასელი სეპარატისტებთვის დაწესებულ 'სავაჭრო შეღავათებს' აკრიტიკებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებიდან რუსეთში შეტანილ საქონელზე საბაჟო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.
კიევმა კრემლის ქმედება სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში „უხეშ ჩარევად“ და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.
პუტინის განკარგულება, რომელიც რუსეთის სამთავრობო ვებგვერდზე 15 ნოემბერს გამოქვეყნდა, “კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის განზრახ პოლიტიკას, ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები საკუთარ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, საარჩევნო და საინფორმაციო სივრცეში ჩაითრიოს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ლუგანსკის სეპარატისტული დაჯგუფების ლიდერმა როდიონ მიროშნიკმა სავაჭრო „ლიბერალიზაციის“ მცდელობას „რუსეთთან ინტეგრაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა“, დონეცკელი სეპარატისტების მეთაურმა დენის პუშილინმა კი აღნიშნული კრემლის მხრიდან „მხარდაჭერის ჟესტად“ შეაფასა.
_______________________________
2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთში დაწყებულ დაპირისპირებაში, რომელმაც 13 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რუსეთი აქტიურად უჭერს მხარს დონეცკელ და ლუგანსკელ სეპარატისტებს და მათ დღემდე სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.