უკრაინამ გერმანიისგან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი ახალი გამშვები მიიღო

გერმანიის მთავრობამ ოთხშაბათს უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც Patriot-ის საზენიტო სისტემის ორ გამშვებს მოიცავს.

Patriot-ის გამშვებების გარდა, უკრაინამ გერმანიისგან მიიღო 6525 155 მმ-იანი კვამლის ჭურვი, 10 მისაბმელიანი ყველგანმავალი მანქანა BV206, ხუთი საზღვრის დაცვის მანქანა და ოთხი VECTOR-ის სადაზვერვო დრონი.

ასევე უკრაინას გადაეცემა ასაფეთქებელი მასალა, ათასზე მეტი ბინოკლი და 20 ათასზე მეტი დამცავი სათვალე, ექვსი 8x8 სატვირთო ტრაქტორი HX81 და ხუთი ნახევრადმისაბმელი, ორი 8x6 მძიმე სატვირთო მანქანა და კიდევ 40 ათასი პირველადი დახმარების ნაკრები.

Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა გერმანიამ უკრაინას 2023 წლის აპრილში გადასცა. ერთი ასეთი კომპლექსი მოიცავს რადარს, სამეთაურო პუნქტს და რვამდე გამშვებს, თითოეული ოთხი რაკეტით.  

გარდა ამისა, უკრაინამ ერთი Patriot-ის კომპლექსი შეერთებული შტატებიდან მიიღო, ასევე დამატებითი გამშვებები ნიდერლანდებიდან.

Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მწარმოებელი კომპანია Raytheon Technologies გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს წარმოების მოცულობა და უკრაინას დამატებითი სისტემები მიაწოდოს.

მსგავსი სიახლეები