უკრაინამ ხერსონის ოლქში ერთდროულად 3 რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდო

რუსული და უკრაინული წყაროები ხერსონის ოლქში ერთდროულად რამდენიმე თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან. 

უკრაინელთა ინფორმაციით, საუბარია CУ-34-ის ტიპის 3 თვითმფრინავზე. უკრაინელთა გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს Z-ბლოგერი Flightbomber - "მიზეზებს არკვევენ, ეკიპაჟს ეძებენ",- ნათქვამია ტელეგრამ არხის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში. 

ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალებთან დაკავშირებული ტელეგრამ არხი - "ჩვენი საჰაერო-კოსმოსური ძალებისთვის შავი დღეა, ერთდროულად დავკარგეთ 3 ბორტი",- ნათქვამია შეტყობინებაში. 

წყაროს ცნობით, შემთხვევა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, სოფელ კრინკის მიდამოებში მოხდა - თვეზე მეტია, რაც ამ მიდამოებში უკრაინელი მებრძოლები პლაცდარმს აკონტროლებენ. 

Z-ბლოგერები წერენ, რომ გასულ დღეებში უკრაინელთა პლაცდარმის ზონაში ახალი ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედება შენიშნეს, თუმცა მათ განგაშს ყურადღება არავინ მიაქცია. 

კონტექსტი 

გავრცელებული ცნობების დადასტურების შემთხვევაში ეს რუსეთის ავიაციისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი ერთდროული დანაკარგი იქნება. 

13 მაისს რუსეთის ქალაქ ბრიანსკში ერთდროულად ჩამოაგდეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 2 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი. 

2022 წლის აგვისტოში ოკუპირებულ ყირიმში საკის აეროდრომზე უკრაინის დარტყმის დროს რუსეთმა ერთდროულად 8 თვითმფრინავი დაკარგა. 

მსგავსი სიახლეები