უკრაინამ რუსეთზე ყველაზე მასშტაბური დრონების თავდასხმა განახორციელა
21 ივნისს დილის საათებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო ობიექტებზე ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური დრონების შეტევა განახორციელეს.
დროის მოკლე მონაკვეთში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (CБУ) დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა აფიპსკის, ილსკის, კრასნოდარისა და ასტრახანის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები.
რუსეთის ტერიტორიაზე დრონების მასირებული თავდასხმის პარალელურად უკრაინელებმა შეტევა მიიტანეს ოკუპირებული ყირიმის სამხედრო ობიექტებზე. საუბარია რადიო-ელექტრონული ბრძოლის ცენტრებსა და რადიო-ლოკაციურ სადგურებზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, კრასნოდარის ოლქში დაზიანებულია ირანული კამიკაძე დრონების მოსამზადებელი ცენტრი და საწყობი.
ადგილობრივი წყაროები იუწყებიან დარტყმებისა და ხანძრის შესახებ ეისკის სამხედრო აეროდრომზე, რომელიც ასევე კრასნოდარში მდებარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში ჯამურად 120-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო სერიოზული დაზიანებები არცერთ ობიექტზე არ შეინიშნება.
კონტექსტი
მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ გასულ დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს დრონების მასირებული თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე.
ამ ტაქტიკას განსაკუთრებული ინტენსივობით მიმართავდა უკრაინა აპრილ-მაისის პერიოდში, რა დროსაც დასავლური მედიის ცნობით, უკრაინულმა დრონებმა მწყობრიდან გამოიყვანეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 15%.