უკრაინამ სამხედრო ბიუჯეტი €10.5 მილიარდით გაზარდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს ქვეყნის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო ხარჯების 386.9 მილიარდი გრივნით (10.5 მილიარდი ევროთი) გაზრდას. შესაბამისი კანონი უკრაინის უმაღლესი რადას ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, დამატებითი თანხების ძირითადი ნაწილი თავდაცვის სამინისტროსკენ მიემართება - 365.2 მილიარდი გრივნა (9.9 მილიარდი ევრო).
"სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებითი ხარჯების დაფარვის მიზნით, გაიზარდა შიდა ვალი და, შესაბამისად, გაიზარდა სახელმწიფო ვალის მაქსიმალური ოდენობა 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით", - ნათქვამია განცხადებაში.
რადას ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ეს "შესაძლებელს გახდის გადაუდებელი ამოცანების შესრულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად, სახელმწიფოს ვალდებულებების შესასრულებლად, რათა დროული და სრული ფულადი დახმარება გადაუხადოს სამხედრო მოსამსახურეებს".