უკრაინამ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის ქვედანაყოფი დრონებით დაბომბა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, 25 აგვისტოს უკრაინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 126-ე ცალკეულ სანაპირო დაცვის ბრიგადას დრონებით დაესხა თავს.
ამ ინფორმაციას LIGA.net თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელზე, ანდრეი იუსოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ბრიგადა, რომელსაც უკრაინელები დაესხნენ თავს, დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სოფელ პერევალნოეში იყო დისლოცირებული.
"ჩვენ ვადასტურებთ ინფორმაციას, იყო თავდასხმა. ეს არ არის პირველი დარტყმა 126-ე ბრიგადაზე. როგორც გენერალ-მაიორმა კირილო ბუდანოვმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა: უკრაინას ახლა შეუძლია ოკუპირებულ ყირიმში ოპერაციების განხორციელება. იქ უახლოეს მომავალში ბევრი სიახლე იქნება." - განაცხადა იუსოვმა.
მან აღნიშნა, რომ დარტყმის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა არ არსებობს და ის ფაქტი, რომ ეს ინფორმაცია რუსული რესურსებიდან გახდა საჯარო, შეიძლება იყოს დადასტურება.
მისი თქმით, ცნობილია დაღუპული და დაჭრილი დამპყრობლების შესახებ, თუმცა ინფორმაცია დაზუსტებას საჭიროებს.
თავდასხმაში მონაწილე დრონების ზუსტი რაოდენობა არ სახელდება, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ეს იყო უპილოტო საფრენი აპარატების ჯგუფი. Українська правда-ს თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან რამდენიმე ათეული მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცია.
კონტექსტი
25 აგვისტოს, დილის 10 საათზე Крымский ветер-მა გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის 126-ე ბრიგადაზე თავდასხმის შესახებ.
ტელეგრამის არხის ცნობით, დაიღუპა სამი ადამიანი და "ბევრი" დაჭრილია, რომლებიც სიმფეროპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
24 აგვისტოს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილო ბუდანოვმა პირობა დადო, რომ ყირიმზე ცალკეული დარტყმებით ყველაფერი არ დასრულდება: იქნება სახმელეთო ოპერაცია და "ჩვენ ტერიტორიებს დავიბრუნებთ."